“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს” – ასლან ბჟანია

70
spot_img

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. იმ პროვოკაციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მათ შორის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. მე ასე მეჩვენება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, „მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, რომ ამით ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა შეიძლება“.

„ჩვენ ჩვენი მომავალი უკვე გადავწყვიტეთ. საქართველოს ხელმძღვანელობას არსებული რეალობის აღიარება მოუწევს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ახალს ვამბობ, მაგრამ ომის შედეგ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ომამდეა ხოლმე. ომი ყველაფერს რადიკალურად ცვლის. ქართველ ლიდერებს 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე უნდა გაეგოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ალბათ, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა იყო“, – აღნიშნა ბჟანიამ.