იმპიჩმენტის საკითხი არ გვაინტერესებს და ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ – ბიძინა ივანიშვილის “სამეფო კარის თამაშები” არ არის ჩვენთვის საინტერესო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხი ივანიშვილის თამაშია, ხოლო თუ ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.
„სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არის მოგონილი ივანიშვილის და რუსული პარტიის. ვფიქრობთ, ორივე მხარე რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. ეს საკითხი არ აინტერესებს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, მათ აინტერესებთ შოვის ტრაგედიაზე პასუხი; რა ეშველებათ მევენახეებს, რომელთა მოსავალი დაისეტყვა; რა ეშველება თხილის ფასს; სოციალურ – ეკონომიკურ პრობლემებს და ამაზე პასუხის ნაცვლად, გვაჩეჩებენ თემას, რომელიც არ აინტერესებს დედამიწის ზურგზე არავის, გარდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის ბანდ-ფორმირებისა. ეს საკითხი ჩვენ არ გვაინტერესებს, ეს არის ივანიშვილის რუსული თამაში, თითქოს ზურაბიშვილი როგორი კეთილი და კარგია. თუ ასეთია, ასე უყვარს ქვეყანა, ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მაშინ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს და სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს, ამას არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი არ გვაინტერესებს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ.
ბიძინა ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ და ცალსახად შემიძლია გითხრათ, ეს საკითხი არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. ბიძინა ივანიშვილის “სამეფო კარის თამაშები” არ არის ჩვენთვის საინტერესო თემა. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების თემას რაც შეეხება, ვალდებულიც კი არის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა იცავდეს და ამ ევროპული მომავლის შემაფერხებლად რომ არის ქცეული სააკაშვილის ტყვეობა, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის თავისუფლება. ის ამას არ აკეთებს და მონაწილეობას იღებს ივანიშვილის თამაშებში. ჩვენ არ გვაინტერესებს ივანიშვილის და კობახიძის დაგეგმილი თამაშები, რომელზეც შემდეგ მედია სივრცეში მიმდინარეობს საუბარი, ნაცვლად იმ თემებისა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.