ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით – ნიკა გვარამია

10
spot_img

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით“.

მისივე თქმით, „პენსიების ქურდი კანონის“ საშუალებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამართლიან სანქციებს თავს დააღწევს და ამით მიყენებულ ფინანსურ ზიანს.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საქართველოს მოქალაქეების ფულის მითვისების მიზნით – საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით. იაფი ფულის დარიგების დაპირებით მოსული ბიძინა ივანიშვილი თავის მმართველობას საქართველოს მოქალაქეების 5 მილიარდის მითვისებით ასრულებს და ივანიშვილი რომ მმართველობას ასრულებს სრულიად დარწმუნებული ვარ და მინდა, რომ თქვენც დაგარწმუნოთ.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილია ცვლილებები დაგროვებითი პენსიის კანონში, რომელსაც პარტია „ახალში“ „პენსიების ქურდი კანონის“ სახელით მოვიხსენიებთ. „პენსიების ქურდი კანონის“ თანახმად საპენსიო თანხის განკარგვის უფლება გადაეცემა ერთპიროვნულად საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მიერ არჩეულ და კონტროლირებად პირებს. თუ აქამდე ამ თანხას მართავდა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც მიუკერძოებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განკარგავდა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 5 მილიარდს და მომავალში კიდევ უფრო დიდ თანხებს, დღეს მდგომარეობით ივანიშვილი და მისი მარიონეტი პრემიერ-მინისტრი ერთპიროვნულად გადაწყვეტენ, ვინ უნდა განკარგოს ეს თანხა. შესაბამისად, მათ კონტროლი ექნებათ, როგორ უნდა განიკარგოს ეს თანხა – თქვენი თანხა. ამ შემთხვევაში თქვენს 5 მილიარდზე ვსაუბრობ, რომელიც გამოყენებული იქნება ივანიშვილის და მისი კარის ბიზნესმენების პირადი კეთილდღეობისთვის, მათი სანქციების და ფინანსური სანქციებით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად. ეს სანქციები აუცილებლად იქნება. არა მარტო ივანიშვილზე გავრცელდება ფინანსური სანქციები, არამედ მის კარის ბიზნესმენებზე. შესაბამისად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ოფშორების კანონის მერე მიიღოს ახალი „პენსიების ქურდი კანონი“, რომლის მეშვეობითაც იგი თავს დააღწევს სამართლიან სანქციებს და ამით მიყენებულ ფინანსურ ზიანს. პირველ რიგში, ეს მომავალში საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებული იქნება. იცოდეთ, რომ ის, რასაც წინასაარჩევნოდ დაგირიგებენ, გინდა ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გინდა წინასაარჩევნო მოსყიდვის მეშვეობით, არის თქვენი ფული.

ასევე, ამ ფულის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენების ინტერესები დაკმაყოფილებული იქნება“, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ „გამოსავალი დაგროვილი ფულის დასაბრუნებლად არის „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხება“.