თბილისის მერია პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 10 აპრილს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასაქმებულთა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.
„ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს – არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამის – „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. 10 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობას კერძო სექტორთან თანამშრომლობით. აღნიშნულ კურსებზე ჩვენი თანამოქალაქეების გადამზადებას ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვახდენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.