ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, სადაც 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა

48
spot_img

რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამის“ არხები ავრცელებს.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვიც ადასტურებს.

„ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. საკუთარი სამუშაო განრიგი შევცვალე და შემთხვევის ადგილზე მივედი. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურა.

ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.

ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.