ბელარუსის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, პარლამენტის ქვედა პალატა სრულად აირჩიეს

23
spot_img

ბელარუსში, გუშინ გამართული არჩევნების შედეგად, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა სრულად აირჩიეს.

110-ვე ოლქში გამარჯვებული კანდიდატების სახელები და გვარები რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ პრესკონფერენციაზე დაასახელა.

ამასთან, მისი თქმით, არჩევნების წინასწარი შედეგებით, დეპუტატთა 1 284-ვე ადგილობრივი საბჭო ჩამოყალიბდა.

ბელარუსში გუშინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობის უფლება არ მიეცათ. არჩევნებზე დაკვირვება დასავლელ დამკვირვებლებს არ განუცხორიცელებიათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიმდინარე არჩევნებს უწოდა „სამხედრო ოპერაცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“ და საზოგადოებას მისი უარყოფისკენ მოუწოდა. „ბელარუსის ეგრეთ წოდებული რეჟიმის არჩევნები არ აკმაყოფილებს არანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს და უფრო ჰგავს სამხედრო ოპერაციას საკუთარი მოქალაქეების, კონსტიტუციისა და საღი აზრის წინააღმდეგ. მოვუწოდებ ბელარუსელებს და საერთაშორისო საზოგადოებას, კატეგორიულად უარყონ ეს სიყალბე“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ. ეს ქვეყანაში პირველი კენჭისყრა იყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რადგან ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლება გაყალბებასა და დარღვევებში დაადანაშაულა.