ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა – გია ცაგარეიშვილი

105
spot_img

“იმისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა:”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ამოწმებს.

„ბედოვლათმა ოპოზიციამ, რომელსაც პარტიული ტელევიზიებიც აუბამენ ხოლმე მხარს, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა. ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. ეს ინფორმაცია ყველამ კარგად იცოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. რატომღაც შემოინახეს და დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი დროსა და სივრცეში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვინმე ჯერემი როზნერი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული სატელიტური პოლიტიკური ორგანიზაციების მრჩეველი, ის აძლევს რჩევას, რომ ეს ინფორმაცია შეენახათ და შესაბამისად, იმისთვის, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა როგორმე გადაეფარათ, დღეს ყოფილიყო ამ ე.წ. სკანდალზე საუბარი, მაგრამ აქ ადამიანებს ერთი მარტივი რამ გამორჩათ – თქვენ არ გეგონოთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. ამოწმებს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ეს ბრიყვულად გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შემოგდებულია შესაბამისი მედია საშუალებებით, ბრიყვული რომაა აქედანაც კარგად ჩანს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ამოწმებენ ვახტანგ მეგრელიშვილს, ალექსანდრე ელისაშვილს, ფრიდონ ინჯიას, ცეზარ ჩოჩელს, კახა ოქრიაშვილს, დავით ზილფიმიანს, კობა ნაყოფიას, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები.

„თქვენ ამბობთ და ამტკიცებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი სენსაცია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს მათ შორის პარლამენტის წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს. მე ვამბობ და ვამტკიცებ საპირისპიროს – ეს არ არის სენსაცია, მომავალ წელსაც გადამოწმდება ასევე შერჩევით 300 და შეიძლება უფრო მეტი ადამიანი, იმის შემდეგაც და ეს ძალიან კარგია. ამისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა“ , – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.