ბარსელონაში, 32 წლის ქართველი ქალის გარდაცვალების საქმეზე მისი ქმარი, 32 წლის საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. ესპანური მედია წერს, რომ 2 ივნისის ღამეს, ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
გარდაცვლილი ქალის მეზობლები ჰყვებიან, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლის ბინიდან ჩხუბის ხმა შემოესმათ და პოლიცია გამოიძახეს.
ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ თავდაპირველად, გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა, გარდაცვალების ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, შესაძლოა, ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა.
5 ივნისს, ბარსელონის ქალთა მიმართ ძალადობის მეოთხე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 32 წლის კაცს ცოლის აივნიდან შესაძლო გადმოგდების ბრალდებით.
ბოლო დღეებია, 32 წლის ქალის საცხოვრებელ სახლთან, ბარსელონაში, ჰორტა-გინარდოს რაიონში, ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობის აქციებს მართავს.
მის სახლთან მიაქვთ ყვავილები, პლაკატები. ფანჯრებსა და აივნებს იასამნისფერი ლენტები შეაბეს. ამ ფერს ქალთა მოძრაობები ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იყენებენ. როგორც გარდაცვლილი ქალის ახლობლები ამბობენ, იასამნისფერი იყო მისი საყვარელი ფერიც.