ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინის არმიას, რომ რუსეთს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყას – The New York Times

15
spot_img

აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა („კოჭლმა იხვმა“) ჯო ბაიდენმა, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი თვით ადრე, ნება დართო უკრაინის არმიას გამოიყენოს ამერიკული შორი რადიუსის მქონე რაკეტები რუსეთის ზურგში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დასაბომბად, – ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 17 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინის არმიას, რომ რუსეთს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყას“ (ავტორები – ადამ ენთუსი, ერიკ შმიტი და ჯულიან ბარნსი).

„რაკეტები, როგორც ჩანს, თავდაპირველად გამოყენებული იქნება რუსეთის კურსკის ოლქში თავმოყრილი რუსული და ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფების წინააღმდეგ, რათა დაცული იყოს იქ მყოფი უკრაინის არმიის სამხედრო-საოკუპაციო ნაწილები რუსულ-კორეული ერთობლივი შეტევისაგან“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ის პოლიტიკაში განხორციელებულ სერიოზულ ცვლილებად შეიძლება შეფასდეს. პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა მისი მრჩევლების ორად გაყოფა გამოიწვია – მომხრეებად და მოწინააღმდეგებად და ეს ხდება იმ დროს, როცა „კოჭლ იხვს“ მხოლოდ ორიოდე თვის პოლიტიკური ნებაღა აქვს შერჩენილი ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე. დემოკრატი პრეზიდენტის მოქმედება ხელს უწყობს ომის ესკალაციას, რესპუბლიკელ ლიდერს კი, როგორც ცნობილია, ომის დეესკალაცია აქვს გადაწყვეტილი: სამხედრო მოქმედების შეწყვეტა და დახმარების შემცირება.

თეთრი სახლის ჩინოვნიკების ერთი ნაწილის თქმით, ATACMS-ების (შორი მოქმედების საარმიო ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის) გამოყენებაზე ნებართვა უკრაინელებს მიეცა რუსეთის მოულოდნელი გადაწყვეტილების პასუხად – ისარგებლოს ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ქვედანაყოფებით კურსკის ოლქში შეტევისათვის.

საერთოდ, ჯო ბაიდენმა ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების მიმართ გამოყენების საკითხში შეზღუდვების შესუსტება ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყო, რუსეთის არმიის ხარკოვზე შეტევის დროს, როცა მან მაღალმობილური საარტილერიო-სარაკეტო სისტემის HIMARS-ების გამოყენების ნება მისცა..

როგორც პრეზიდენტის გადაწყვეტილების მომხრე ჩინოვნიკები თვლიან, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი კარდინალურად ვერ შეცვლის საომარ მოქმედებათა აქტიურობას, თუმცა, მათი თქმით, კურსის შეცვლის ერთ-ერთი მიზანია გაეგზავნოთ ჩრდილოეთ კორეელებს სიგნალი, რომ პირველ რიგში სწორედ მათი ქვედანაყოფები განადგურდება სარაკეტო დარტყმებით. შესაბამისად, მათ თავი უნდა შეიკავონ რუსეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე.

ამერიკელ ჩინოვნიკთა მეორე ნაწილი შიშობს, რომ რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში (330 კილომეტრამდე) მდებარე სამხედრო ობიექტების მიმართ განხორციელებული დარტყმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბიძგს მისცემს საპასუხოდ უფრო დამაგრეველი იარაღი გამოიყენოს კიევის წინააღმდეგ, აგრეთვე შესაბამისი პასუხი გასცეს აშშ-ს (და მის მოკავშირეებს) ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.

პრეზიდენტის მომხრე ჩინოვნიკები თვლიან, რომ მოწინააღმდეგე ჩინოვნიკთა შიშები ზედმეტად გაბერილი და გადაჭარბებულია.

კიევში იმედი აქვთ, რომ რაკეტების გამოყენება მათ ტერიტორიის გაცვლაში დაეხმარება: თუ სამომავლოდ სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება, მაშინ კურსკის ოლქიდან გამოსვლის საფასურად უკრაინამ შეიძლება დონბასიდან და საერთოდ, უკრაინის მიწებიდან რუსეთის ჯარების გასვლა მოითხოვოს.

თუ რუსული და ჩრდილოკორეული ნაწილების გაერთიანებული შეტევა კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ წარმატებული იქნება, მაშინ კიევს არაფერი არ რჩება ხელში ტერიტორიული კოზირის სახით, მიწების გაცვლის მიზნით. შესაბამისად, უკრაინის სარდლობა ყველანაირად ცდილობს კურსკის ოლქის ოკუპაციის შენარჩუნებას.

ჯო ბაიდენის წინაშე ასეთივე დილენა იდგა ერთი წლის წინ, როცა დაზვერვამ მას შეატყობინა – ჩრდილოეთ კორეა რუსეთს შორის რადიუსის მქონე ბალისტიკურ რაკეტებს აწვდიდო. იმ ხანებში ჯო ბაიდენი დათანხმდა უკრაინისათვის მიეწოდებინა რამდენიმე ასეული ერთეული შორსმოქმედი რაკეტა ATACMS, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებულ (ანუ საკუთარ) ტერიტორიაზე გამოსაყენებლად, ვთქვათ, ყირიმში და დონბასში. თავის მხრივ, უკრაინას თავისი რაკეტები Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები დიდმა ბრიტანეთმაც მიაწოდა, ხოლო საფრანგეთმა – SCALP-ები.

რასაკვირველია, უკრაინამ მიწოდებული იარაღი ბევრჯერ გამოიყენა მტრის წინააღმდეგ და რუსეთს დარტყმა მიაყენა როგორც ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე შავი ზღვის ფლოტის გემების განადგურების სახით. საბოლოო ჯამში ამჟამად ცნობილი არ არის, თუ რამდენი რაკეტა დარჩა უკრაინის არმიის არსენალებში კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში დისლოცირებული რუსული და ჩრდილოკორეული ქვედანაყოფებისათვის დარტყმების მისაყენებლად.

წყარო