აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.
აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს.
აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, სასამართლომ დაკავებულს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა და დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს.
აზერბაიჯანის მედია წერს, რომ შპს „მერკორამას“ გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს.
ამასთან, გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებებისა და დაკავებების შედეგად, აზერბაიჯანში გამოიკვეთა ფრანგული სადაზვერვო სამსახურების ფართო სადაზვერვო ქსელი, რომელიც მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.