აზერბაიჯანმა სომხეთი რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა

200
spot_img

სომხეთის სარჩელს გაეროს სასამართლოში აზერბაიჯანი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იყო რასობრივი სიძულვილის გაღვივება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიხან ჰაჯიზადემ სომხეთის მიერ გაეროს სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა, რომ  სარჩელი სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულია.

მისი თქმით, ეს საჩივრები, რომლებიც მიზნად ისახავს რასობრივი სიძულვილის გაღვივებას აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, სრულიად მიუღებელია და მიუთითებს იმაზე, რომ სომხეთი არ თმობს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობებს.

„ისევე როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს შემთხვევაში, სომხეთი ბოროტად იყენებს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს თავისი მზაკვრული პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად. მარტო წელს სომხეთი მესამედ მიმართავს სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მიერ იანვარში წარდგენილი სამი შუამდგომლობიდან, ორი უარყოფილი იყო, ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაისში შეტანილი პეტიცია კი ერთხმად უარყვეს მოსამართლეებმა“, – დასძინა მან.

ამასთან, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც ასახავს თანმიმდევრულ პასუხებს სომხეთის ამ ახალ უსაფუძვლო სარჩელზე.