აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი, – ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ კიშინიოვში პირველ ივნისს საბოლოოდ შეიძლება, გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული მომენტი და იმპულსი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.
მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, სავარაუდოდ, 47-მდე სახელმწიფოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მეთაურები დაესწრებიან.
სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.