“აზერბაიჯანი დე იურე თავის ტერიტორიაზე მოქმედებს” – დიმიტრი პესკოვი

233
spot_img

აზერბაიჯანი დე იურე თავის ტერიტორიაზე მოქმედებს, რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენელი გამოემხაურა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებას, რომელმაც რუსი სამშვიდობოები ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

„ამგვარი ბრალდებები ჩვენი მისამართით აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი არაფერს ემყარება. ამის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ კონტაქტებს სომხურ მხარესთან. სომხეთი იყო და რჩება ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირედ, პარტნიორად, ჩვენთვის ახლობელ ქვეყნად. ასევე, ვაგრძელებთ კონტაქტებს აზერბაიჯანთან. ის ასევე არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კონტაქტებს ყარაბაღში სომხებთანაც“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივნის თქმით, სომხურმა მხარემ აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად.

„მოცმეულ მომენტში ამან არსებითად შეცვალა რიგი დებულებები და ჩვენ არ ვიღებთ ასეთ საყვედურებს ჩვენი მისამართით, მით უმეტეს, რომ არის სომხური მხარის გადაწყვეტილება ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შესახებ. დე იურე ახლა საუბარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავის ტერიტორიაზე მოქმედებებზე. ჩვენი სამხედროები არ არიან დაკავებული სქოლასტიკით, ისინი ასრულებენ კონკრეტულ საქმეს, მშვიდობისმყოფელების როლს, ეხმარებიან საშიში ზონებიდან სამოქალაქო მოსახლეობას ევაკუაციაში, უმთავრესად, ბავშვებს. ეს სამუშაო გრძელდება დღისით და ღამით. ძალისხმევა გრძელდება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.