არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის დედაქალაქის მახლობლად, შუშაში, სამხედრო შტაბ-ბინის ეზოში, აზერბაიჯანელმა სამხედრო ჩინოვნიკებმა ამაყად აჩვენეს სეპარატისტების მიერ მიცემული იარაღი, ტანკები, ტყვიამფრქვევები, RPG-ები, თოფები, ნაღმები და სხვა. ამის შესახებ BBC იტყობინება, მედიის შეფასებით, სამხედრო ტექნიკით სავსე ტერიტორია, დაახლოებით ფეხბურთის მოედნის ნახევარს მოიცავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის გადაცემულია ექვსი ჯავშანმანქანა, 800-ზე მეტი იარაღი და დაახლოებით 5000 ერთეული საბრძოლო მასალა.
მანამდე აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ყარაბაღელი მებრძოლებისთვის, რომლებიც იარაღს გადასცემენ, სურვილის შემთხვევაში სომხეთში წასვლა შეეძლოთ.
აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ის განუცხადა, რომ მთიან ყარაბაღში „არავის არავის აძევებს”. აზერბაიჯანმა ასევე გაეროს განუცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს „თანასწორ მოქალაქეებად“ მოექცევა, მაგრამ მათი ბედი ახლა აზერბაიჯანის ხელშია.
მედიის ცნობით მოსალოდნელია, რომ რეგიონი ბევრმა ადგილობრივმა დატოვოს. სომეხი ლიდერები ამბობენ, რომ ათასობით ადამიანი საკვებისა და თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი ყარაბაღში. მათ ნება დართეს მხოლოდ ერთი დახმარების მიწოდების, რომელიც 70 ტონა სურსათს მოიცავდა.
საერთაშორისო წითელი ჯვრის კოლონამ პირველმა მიაღწია სადავო ტერიტორიას მას შემდეგ, რაც ბაქომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა. რუსეთი ამბობს, რომ მან ასევე მიაწოდა დახმარება, მაგრამ უცნობია რამდენი.
ცნობისთვის, სულ მცირე 200 ეთნიკური სომეხი დაიღუპა, მათ შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე, როდესაც აზერბაიჯანის არმია ანკლავში შეიჭრა.