ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან შეთქმულებებსა და გადატრიალებებზე საუბარი უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას და ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო.
მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, შეიძლება თუ დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, „როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“.
„წინა ხელისუფლების დროს გადატრიალების შესახებ არაერთი განცხადება მომისმენია პირადად. თქვენ კი არ იყავით მაშინ წინა ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში და არც თქვენი ხმა გამიგია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ამ პროცესს აკვირდებოდნენ, არამედ გარკვეულწილად პოზიციას გამოთქვამდნენ, ახლა ამ განმარტებით ბარათში ვკითხულობ, რომ სუს-ის განცხადება არის საფუძველი იმისა, რომ შეიზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლება, თან აქ საუბარია, რომ განცხადება და არა დასრულებული გამოძიება. შესაბამისად, მაინტერესებს ამ შეთქმულებების და გადატრიალებების სერიების ეს განგრძობითი ციკლი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გვახსოვს, ახლა ამ ხელისუფლების დროს, ამ შემთხვევაში ეს უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას და ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო“,-განაცხადა აქუბარდიამ.
მან გაიხსენა, რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გამოძიებაზეც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.
„დასრულდა თუ არა გამოძიება და დადგენილია თუ არა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ქვეყნის შიგნით გადატრიალებას გეგმავს ან სუს-ის ე.წ. კრებსების გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი ისევე, როგორც 2014 წელს მახსოვს დაანონსებული „საბურავების რევოლუცია“ იმდროინდელი სამსახურების მხრიდან, რომელსაც გამოძიების შედეგები არ ჰქონია. თუ ეს ასეა, ხომ არ ავკრძალოთ მაშინ ტრენინგები ისევე, როგორც საბურავებიც, რომ რეჟიმი ბოლომდე დაცული იყოს. სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმდენად ალოგიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი, შეიძლება დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“, – მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს.