„ავდეევკიდან ქაოსური უკანდახევის შედეგად ასობით უკრაინელი ჯარისკაცი ან ტყვედ ჩავარდა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა“ – The New York Times

54
spot_img

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ავდეევკიდან ქაოსური უკანდახევის შედეგად ასობით უკრაინელი ჯარისკაცი ან ტყვედ ჩავარდა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა“ (ავტორები – ჯულიან ბარნსი, თომას გიბონს-ნეფი და ერიკ შმიტი). მასალაში განხილულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ავდეევკის დატოვებისა და უკანდახევასთან დაკავშირებული გარემოებები. „უკრაინის არმიის სარდლობამ ავდეევკის გარნიზონის ევაკუაცია არაორგანიზებულად განახორციელა“, – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლელი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების თქმით, ავდეევკიდან ქაოსური უკანდახევის დროს ასობით უკრაინელი ჯარისკაცი, შესაძლოა ტყვედ ჩავარდა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ ფაქტმა შეიძლება ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინოს უკრაინის არმიის ისედაც შესუსტებულ საომარ და მორალურ სულისკვეთებაზე.

ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი უკრაინელი ჩავარდა ტყვედ ან დაიკარგა. მონაცემები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ ზოგიერთი წყაროს ცნობით, ზოგადად ლაპარაკია 850-დან 1000 ჯარისკაცამდე.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ავდეევკის დაკარგვას უკრაინისათვის რაიმე დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არ ნიშნავს იმას, რომ რუსები შეტევას გააგრძელებენ და სხვა ქალაქებსაც დაიკავებენ (კრემლის ჯარი დასუსტებულია), მაგრამ ასობით უკრაინელი ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნას შეუძლია სიტუაცია შეცვალოს. ისინი ხომ გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ, ამიტომ მათი ჩანაცვლება და გაჩენილი „სიცარიელის ამოვსება“ რთული იქნება.

საერთოდ, ბოლო დროს თვითონ ამერიკელებიც კარგად ხედავენ, რომ უკრაინელთა მორალური სულისკვეთება საკმაოდ შესუსტდა. ამის ძირითადი მიზეზები რამდენიმეა: პირველი – შარშანდელი კონტრშეტევის ჩაშლა, მეორე – არმიის უმაღლეს სარდლობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები, მესამე – ცოცხალი ძალის მობილიზაციის დაყოვნება, მეოთხე – დასავლური სამხედრო და მატერიალურ-ფინანსური დახმარების შემცირება. ასე რომ, ავდეევკის დაცემა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა.

როგორც უკრაინის არმიის სარდლობამ განაცხადა, ავდეევკიდან უკანდახევა გეგმურად განხორციელდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქიდან გასვლისას ზოგიერთი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდაო, თუმცა იყო ამ საკითხის მიფუჩეჩების მცდელობები. გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის პრეს-მდივანმა ჯერ კატეგორიულად უარყო ტყვედ ჩავარდნის ფაქტი და მას დეზინფორმაცია უწოდა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ მართლაც ასე მოხდა, თუმცა მისი თქმით, ლაპარაკია მესამე მოიერიშე ბრიგადის მხოლოდ ექვს ჯარისკაცზე, რომლებსაც საბრძოლო მასალები გამოელიათ და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლეს, თანაც მათ მეთაურებთან კავშირი არ ჰქონდათ.

მაგრამ თვითმხილველები აცხადებენ, რომ გასულ პარასკევსა და შაბათს, როცა ავდეევკის თავდაცვა დაირღვა და სიტუაცია უმართავი გახდა, არა მხოლოდ ექვსი ჯარისკაცი, არამედ ბევრად უფრო მეტი რაოდენობა რუსებს ტყვედ ჩაუვარდათ. თვითმხილველების თქმით, რომ ქალაქის გარნიზონის პირადი შემადგენლობის უკანდახევა სრულიად არაორგანიზებულად და ძალიან დაგვიანებით განხორციელდა. კონფიდენციალურ საუბრებში ჯარისკაცები ამბობენ, რომ მეთაურები არ ელოდნენ რუსების ასეთ სწრაფ მოქმედებას. სიტუაციას ვერ უშველა ავდეევკაში სასწრაფოდ გადასროლილმა ელიტურმა ქვედანაყოფმა – მესამე მოიერიშე ბრიგადამ.

რასაკვირველია, ომის დროს მოულოდნელობები ხშირად ხდება ხოლმე და ამიტომ ქაოსური უკანდახევა ზოგჯერ გარდაუვალია. ამ დროს ჯარის ალყიდან გამოყვანა დანაკარგების გარეშე რთულია, ოპერაცია ზუსტად უნდა იქნეს შემუშავებული და მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული სავარაუდო საფრთხეები.

ავდეევკის ევაკუაცია, როგორც ჩანს, ძალიან დაგვიანდა, რაც საბოლოო ჯამში, თითქმის უკონტროლო უკანდახევაში გადაიზარდა, ძვირადღირებული დანაკლისით.

უკრაინელების უკანდახევა რთული იყო იმ გარემოებითაც, რომ რუსებმა ქალაქს ალყა სამი მხრიდან შემოარტყეს. რჩებოდა მხოლოდ ერთადერთ მოასფალტებულ გზა, რომლის მეშვეობითაც ქალაქის გარნიზონის მომარაგება ხდებოდა – მას უკრაინელებმა „სიცოცხლის გზა“ უწოდეს. სამწუხაროდ, ეს მარშრუტიც თებერვლიდან მუდმივად რუსების არტილერიის ცეცხლის სამიზნედ იყო გადაქცეული.

ზოგიერთი ჯარისკაცი კონფიდენციალურ საუბრის დროს ამბობს, რომ ბევრმა არ იცოდა, თუ უკანდახევა გამოცხადებული იყო და ამიტომ საბოლოოდ ისინი სავარაუდოდ, რუსებს ტყვედ ჩაუვარდნენ.

როგორც ჩანს, თვით კრემლიც კი არ იყო მთლიანობაში მზად სიტუაციის ასეთი სისწრაფით განვითარებისათვის – ავდეევკის საბოლოო სრული კოლაფსი სულ რაღაც რამდენიმე საათში მოხდა. ჩვეულებრივად, რუსული პროპაგანდა და სოციალური ქსელები წინასწარ იწყებენ ხოლმე მზადებას, მაგრამ ავდეევკის შემთხვევაში მათ დააგვიანეს.
ნებისმიერ ომში სამხედრო ტყვეების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ითვლება ჯარისკაცთა მორალური სულისკვეთების შენარჩუნების თვალსაზრისით. უკრაინა ცდილობს, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით. კიევის ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის რუსეთში 3574 ტყვე უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება.

რასაკვირველია, ავდეევკის ბრძოლის დროს რუსეთის არმიამაც დიდი დანაკლისი განიცადა. მოსკოვს ძალიან ძვირად დაუჯდა დანგრეული ქალაქის აღება. დაიღუპა და დაიჭრა ათასობით რუსი ჯარისკაცი.

წყარო