“აუცილებელია, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სარწმუნოება, ჩვენი ოჯახები, შვილები, იდენტობა და კულტურა” – მიხეილ ყაველაშვილი

19
spot_img

მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და გამოწვევებისა, ჩვენმა გამბედაობამ, სიმტკიცემ, ძალისხმევამ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენმა უდიდესმა მხარდაჭერამ მოგვცა ძლიერი იმპულსი, რომ გაათმაგებული ენერგიით, ჩვენი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებით გავაგრძელოთ მთავარი მიზნების განხორციელება, – ამის შესახებ პარტიის, „ხალხის ძალის“ დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში უნდა მოხდეს დამაჯერებელი გამარჯვება იმ ბოროტ ძალებზე, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, აქაური გამყიდველი და მოღალატე კოლაბორაციონისტების საშუალებით დაიმორჩილონ საქართველო.

„დიდი ბედნიერებაა, როდესაც ამ ქვეყნის შვილს ეძლევა საშუალება, სრულიად უანგაროდ ემსახუროს საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ეს განცდა მარადიულია მათთვის, ვის თვითშეგნებაშიც უპირველესია დიდი ილიას სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება. სწორედ ამ შეგნებით მოხდა ჩვენი გაერთიანება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, მთლიანობას და ღირსებას. სწორედ ამ პირველ ბრძოლაში გამარჯვებამ გადაგვაწყვეტინა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ საფუძველზე პარტიის შექმნა. გულწრფელად გეტყვით, მიუხედავად უდიდესი ზეწოლის და გამოწვევებისა, ჩვენმა გამბედაობამ, სიმტკიცემ, ძალისხმევამ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენმა უდიდესმა მხარდაჭერამ მოგვცა ძლიერი იმპულსი, რომ გაათმაგებული ენერგიით და ჩვენი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებით გავაგრძელოთ ჩვენი მთავარი მიზნების განხორციელება, რაც არის ჩვენი ხალხის სიმართლით აღჭურვა, ჩვენი სამშობლოს მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა, პარალელურად, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერება. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ეროვნული თვითშეგნების მქონე, ღვთის მოშიში და თავისუფალი ადამიანების გაერთიანება, რათა მოახლოებულ, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მოხდეს დამაჯერებელი გამარჯვება იმ ბოროტ ძალებზე, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, აქაური გამყიდველი და მოღალატე კოლაბორაციონისტების საშუალებით დაიმორჩილონ და დაიმონონ ჩვენი სამშობლო. ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანის, როგორც ღვთის ხატის და, მაშასადამე, კაცობრიობის გადარჩენისთვის. ამიტომ არის აუცილებელი, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა. სწორედ ეს არის გზა ტაძრისკენ და მარადიულობისკენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.