აშშ-მა არაბეთის საამიროების კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

31
spot_img

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიის, Hennesea Holdings-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს კომპანია რუსულ ნავთობზე დაწესებულ ზღვრულ ფასს არ ითვალისწინებდა და მის ტრანსპორტირებას ეწეოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სანქციებში ასევე კომპანიის 17 ტანკერი მოხვდა. ყველა ეს გემი ლიბერიის დროშით დაცურავს

„ზღვრული ფასის ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე კომპანია Hennesea-მა, რომელიც 2022 წელს არის დაფუძნებული, ძველი ტანკერები შეიძინა და მათი მეშვეობით რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ეწეოდა. კომპანია Hennesea-ს კუთვნილი ტანკერები არაერთხელ შევიდა რუსულ პორტებში“, – წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიემომ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველას მიმართ, ვინც კრემლს ეხმარება, კოალიცია გადამჭრელ ზომებს მიიღებს.

ცნობისთვის, ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 2022 წლის ბოლოს რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დაადგინეს, რომელიც ერთ ბარელში 60 დოლარის ოდენობით განისაზღვრა. უფრო მაღალ ფასად რუსული ნავთობის გადაზიდვა კომპანიებს აეკრძალათ.