აშშ-ის საელჩო, საქართველოში განცხადებას ავრცელებს

156
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში პარლამენტის წინ, 2 ივნისს გამართული აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება. „აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავება გააპროტესტეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.