კიბოს გამომწვევი ქიმიკატი ნაპოვნია Clinique-ისა და Clearasil-ის აკნეს სამკურნალო საშუალებებში, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ლაბორატორია „ვალისური“ ავრცელებს.
„კიბოს გამომწვევი ქიმიური ბენზოლის მაღალი დონე გამოვლინდა აკნეს სამკურნალო საშუალებებში, მათ შორის Estee Lauder’s Clinique, Target’s Up & Up და Reckitt Benckiser-ის საკუთრებაში არსებული Clearasil-ში“, – აღნიშნულია დამოუკიდებელი ლაბორატორია „ვალისურის“ განცხადებაში.
„ვალისურმა“ ასევე შეიტანა პეტიცია აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში, სადაც მოუწოდებს მარეგულირებელს, ჩაატაროს გამოძიება.
როგორც „როიტერი“ წერს, ანგარიშის შემდეგ Estee Lauder-ის აქციები დაახლოებით 2%-ით დაეცა.
კომპანიის წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
„კანცეროგენი უკვე ვიპოვეთ რამდენიმე სამომხმარებლო პროდუქტში, მათ შორის მზისგან დამცავ საშუალებებში, ხელის სადეზინფექციო საშუალებებში და მშრალ შამპუნში, რამაც გამოიწვია კომპანიების პროდუქტების ბაზრიდან ამოღება, მათ შორის Procter & Gamble და Johnson & Johnson, მაგრამ ბენზოლის გამოვლენა აკნეს სამკურნალო პროდუქტებში არსებითად განსხვავდებოდა სხვა შემთხვევებისგან. ბენზოლი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ მზისგან დამცავ პროდუქტებში და სხვა სამომხმარებლო პროდუქტებში, იყო მინარევები, რომლებიც მომდინარეობდა დაბინძურებული ინგრედიენტებისგან“, – განაცხადა „ვალისურის“ თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა დევიდ ლაითმა.