,,აშკარაა „უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში”- დავით მათიკაშვილი

15
spot_img

რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ასევე აშკარაა „უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში, სადაც „მამული, ენა, სარწმუნოება“ „მამული, ენა ერთობით“ შეცვალეს.“

„ეს არის ფაქტი, რომ დეზინფორმაციის შედეგად მოხდა ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ახალგაზრდების აჟიტირება და მოტყუება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა. აშკარაა ისევ და ისევ ღირებულებით ნაწილში საკმაოდ უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში, სადაც „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეგვიცვალეს „მამული, ენა ერთობით“, ამის უფლება არავის არ აქვს.

ყველამ კარგად ვიცით, „მამული, ენის“ შემდგომ რა მესამე უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი საუნჯე არსებობს, ეს არის – „სარწმუნოება“. აშკარად ჩანს, რომ სწორედ ეკლესიისა და ჩვენი რწმენის გარკვეულწილად წინააღმდეგ არსებული კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც შეიძლება იყოს ეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები სწორედ ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები და ცდილობენ, რომ თავიანთი პარტიული ქულები სწორედ ამ ახალგაზრდები პროტესტის შედეგად დაიწერონ.

„ოპოზიციას აქვს ერთადერთი გეგმა და სურვილი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. ელექტრონული მხარდაჭერა ნულოვანი აქვთ. ახლა ეს რადიკალები სწორედ ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები და ცდილობენ, რომ თავისი დილიდენტები და პარტიული ქულები სწორედ ამ ახალგაზრდების, ნაწილის გულწრფელი და ნაწილის აჟიტირებული და მოტყუებული პროტესტის შედეგად დაიწერონ, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.