“არშემდგარ პრემიერს ჰქონდა დავალება ერთი გერმანელი დაერწმუნებინა, რომ ეს კანონი არ არის რუსული და ეს ვერ მოახერხა”

42
spot_img

არშემდგარ პრემიერს ჰქონდა ერთი ამოცანა, დავალება, ერთი გერმანელი დაერწმუნებინა, რომ ეს კანონი არ არის რუსული და ეს ვერ მოახერხა – ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა სიგიჟეს შემოიტანენ დღის წესრიგში, რათა არჩევნებზე გადარჩნენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა გერმანიაში ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცის მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” გაკეთებული განცხადება.

მისი თქმით, შოლცმა თქვა, რომ ეს კანონი მიღებული არ უნდა იყოს, რადგან მას დემოკრატიულ განვითარებასთან კავშირი არ აქვს.

„გამოვიდა ეს კაცი [შოლცი] და თქვა, ეს კანონი არ უნდა იქნეს მიღებული იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ განვითარებასთან. რომელიც თავის თავში მოიაზრებს სამოქალაქო სექტორის ჩართულობას და არ შეიძლება აგენტებად სახელდება მოხდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების. არა მხოლოდ ეს საკითხი ახსენა შოლცმა, ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციაზე, არჩევნების სათანადოდ, დემოკრატიულად ჩატარებაზე, 9 პრიორიტეტის შესრულებაზე, რომლის შესრულების საკითხიც საერთოდ გააქრო „ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური დღის წესრიგიდან. წარმოუდგენელია ივანიშვილის მართვის მეთოდები და ინტერესები შეთავსებადი იყოს ევროკავშირის პრინციპებთან. ამიტომაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა სიგიჟეს შემოიტანენ დღის წესრიგში, რათა არჩევნებზე გადარჩნენ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკის თაობაზე, რომ შოლცს არგუმენტები არ დაუსახელებია, ლილუაშვილმა თქვა, რომ არგუმენტები მოიყვანა არა მხოლოდ შოლცმა, არამედ ევროსტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც.

„რისი მიღწევას და თქმას ცდილობთ, რომ შოლცის გამოსვლა იყო უარგუმენტო და როდესაც შოლცი ამბობს, არ მიიღოთ ეს კანონპროექტი, სჯის ვერშემდგარ კობახიძეს იქ ჩასვლისთვის? არგუმენტები მოგიყვანათ არა მხოლოდ შოლცმა, არამედ ევროსტრუქტურების უამრავმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო სექტორმა, არგუმენტები მოგიყვანეთ მე. თუ ვინმეს ამ არგუმენტების დანახვა არ უნდა და უნდა, ბრმად დაემორჩილოს რაღაც ინსტრუქციებს და ეს ქვეყანა დააზიანოს, ეს მათი არჩევანია. საქართველოს მოქალაქეები დაუზიანებს ტვინს 2024 წლის არჩევნებზე”,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს”. მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. შოლცის განცხადებითვე, “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა”.