არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ყოველ წუთში უჩიჩინებს ისეთ რაღაცებს, რაც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს. ასე დააშვებინეს მას უამრავი შეცდომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება მისაღები არაა, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში წერია რომელი საერთაშორისო პოლიტიკური გეზი აქვს ქვეყანას აღებული.
„ამ მოკლე დროში, სულ რაღაც 3 დღის განმავლობაში, 2 ისეთი დააანონსა, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის კონსტიტუციასთან და პირდაპირ ეწინააღმდეგება მას. ჯერ იყო და თქვა, რომ მთავრობას მე დავაკომპლექტებო. თქვენც კარგად იცით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს. ისიც კი არის გათვალისწინებული, რომ თუ პარლამენტი თავის პროცედურას დაასრულებს და საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ხელს არ მოაწერეს ის მაინც დანიშნულად ჩაითვლება. არ გასულა ორი დღე და დაიწყო რეფერენდუმზე საუბარი და ისე წარმოაჩინა, თითქოს ის არის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვინც იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას. აღარაფერს ვამბობ ფორმულირებაზე – დასავლეთი გინდათ თუ რუსეთი, ეს რა სარეფერენდუმო საკითხია, პირდაპირ წერია ჩვენი მისწრაფება საქართველოს კონსტიტუციაში. წერია, რომელი საერთაშორისო პოლიტიკური გეზი გვაქვს აღებული. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტმა საერთოდ დააიგნორა ფაქტი, რომ ასეთი ტიპის აქტის გამოცემას სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა რეფერენდუმის ჩატარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
„ჩვენ გვაქვს საქართველოში წინა პრეზიდენტის შემთხვევა, როდესაც წინა პრეზიდენტმა რეფერენდუმი არ დანიშნა ამ ფორმულირებით, რადგან ვინაიდან რეფერენდუმი ვერ ჩატარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არ დავნიშნავო. თუმცა, უფრო ადრეც გვაქვს მეორე პრეცედენტი, როდესაც ასეთი რეფერენდუმი ჩატარდა. ამას არსებითი მნიშვნელობა ახლა არ აქვს, ასეთი დავა თუ წარმოიშობა ამას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს და მიუჩენს თავის ადგილს. მთავარი ისაა, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ქალბატონს ყოველ წუთში უჩიჩინებს ისეთ რაღაცებს, რომელიც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს. ასე დააშვებინეს მას უამრავი შეცდომა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.