არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების უგუნურ, ძალადობრივ ქმედებას, ასე თუ გაგრძელდა, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია -ნოდარ ხარშილაძე

52
spot_img

არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების უგუნურ და აბსოლუტურად ძალადობრივ ქმედებას, – ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ხარშილაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, „სადამდე შეიძლება მივიდეთ, თუ კრიზისის განმუხტვაზე ფიქრი არ დაიწყო იმან, ვისაც შესაბამისი პასუხისმგებლობა აკისრია. ამაზე უფრო ღრმა ფაზა თუ არის და ამაზე უფრო ღრმა ფაზას უკვე რაღა ჰქვია?“.

„ამაზე ღრმა ფაზა არის და, სამწუხაროდ, მისვლადია – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, იმისი ზრდადი ალბათობა არის, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ამ ყველაფერს, ხელისუფლების უგუნურ და აბსოლუტურად ძალადობრივ ქმედებას და ჩვენ, შესაძლოა, მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. პირდაპირი სახელი დავარქვათ, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია, ეს თუ ასე გაგრძელდა“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

მედიის წარმომადგენელმა ნოდარ ხარშილაძეს ასევე მიმართა: „შესაძლოა, მივიდეთ მდგომარეობამდე, როცა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, პროცესების მართვა გაუჭირდეს და გახდეს უმართავი?“, რაზეც ხარშილაძემ აღნიშნა:

„კი. მასში არსებული რადიკალური ძალები უკვე თვითონ აიღებენ თავის თავზე რაღაცებს. იქ არის უფრო რადიკალური, ნაკლებად რადიკალური, თუმცა ნორმალური იქ არავინ დარჩა. ასეთი პროცესები თუ მოჰყვა და მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ხალხიც არ იქნება ტყუილად. ძალიან ცუდ სცენარზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არსებობს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რადგან ის არის დღეს ხელისუფლებაში და მისი გადაწყვეტილების გამოა, რომ დღეს ყველას გვიწევს რუსთაველზე დგომა და, პრაქტიკულად, მორიგეობა ჩვენი ქვეყნის დასაცავად“.