“არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა წინაშეც საქართველოს პრეზიდენტი ანგარიშვალდებულად თვლის თავს, რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს”

16
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერების შეგროვების დაწყება კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, რომ კრიმინალი სამართლიანი სასჯელისგან დაიხსნან.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის, ანგარიშვალდებულად თავს თვლის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წინაშე და რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს.

„ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, მათ შორის, საიდან მოდის დაკვეთა, რომელი ხაზები მუშაობს, რომელი ლობისტები მუშაობენ, რა ჯდება. ეს ყველაფერი ქართულმა საზოგადოებამ იცის იმის წყალობით, რომ ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი. ჩვენთან რომ მოქმედებდეს ამერიკული კანონი, რომელსაც რუსულ კანონს ეძახიან, ჩვენ ამას უფრო ადრე გავიგებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ რაღაცებს ვერ ვიგებთ, უმალავენ ჩვენს საზოგადოებას. ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის მეშვეობით ჩვენ ამ ყველაფერს ვიგებთ და ეს კიდევ ერთი მცდელობაა, სამარცხვინო, სამწუხაროდ, რომ კრიმინალი დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან.

სალომე ზურაბიშვილმა როდესაც შეიწყალა ნიკა გვარამია, შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს, მართალია, სიურპრიზი იყო ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის წინასწარ ამას ათანხმებდა უცხოელებთან, მათ შორის, ერთ-ერთ ევროპარლამენტარს წამოსცდა კიდეც, რომ წინასწარ იცოდა, სალომე ზურაბიშვილი იწყალებდა ნიკა გვარამიას. სალომე ზურაბიშვილი თავს არ თვლის ანგარიშვალდებულად ქართველი ხალხის წინაშე. არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა წინაშეც ის თავს თვლის ანგარიშვალდებულად. რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.