,,არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც საკუთარი სიტყვითა თუ საქმით მიაყენეს ქვეყანას”- პაპუაშვილი

77
spot_img

დღეს სტრასბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ მაშინ სამართალდამცველი ორგანოები იქცეოდნენ სწორად, ხოლო მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია ამაში პოლიტიკურად ერეოდა, ვინაიდან ცდილობდა შეეჩერებინა სამართალდამცველი ორგანოები მართლმსაჯულების აღსრულებაში, – ასე შეაფასა ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა. კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას გააკეთა და აქცენტი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის დაკავების ირგვლივ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა.

„როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და მართლმსაჯულებაზე. დეზინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, რადგან სწორედ ასეთი განცხადებები ქმნის შემდეგ აღქმას სხვებში, თითქოს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, თითქოს არის რაღაც პოლიტიკური მოტივაციები და ა.შ., აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ეს ზიანი მოგვადგა და დღეს აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ყველას ეს აქტორი – იქნებოდა ეს ყოფილი დიპლომატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი – ამხილა დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს წინააღმდეგ.

ყოველ ჯერზე ზიანდება ქვეყანა ასეთი უპასუხისმგებლო, წინდაუხედავი განცხადებებითა თუ ნაბიჯებით. განსაკუთრებით, თუ ამაში ჩართულები არიან ევროპელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები. ეს ზიანი ადგება ქვეყანას. შემდეგ ჩაივლის დრო, აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. სამწუხაროდ, არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც საკუთარი სიტყვითა თუ საქმით მიაყენეს ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.