“არახამიას უსამართლო განცხადებები, რომლებიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას”-არჩილ თალაკვაძე

90
spot_img

ბატონი არახამიას უსამართლო განცხადებები, რომლებიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას, ვერ შეცვლის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლია. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის ვიზიტი, რომელიც ჩვენ გვქონდა; საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელიც კიევში ჩავიდა ჩვენი კოლეგის, ბატონი სტეფანჩუკის მოწოდების შემდეგ. აღარ მინდა, ვისაუბრო ჰუმანიტარულ დახმარებაზე. საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე დაუჭირა მხარი უკრაინას, მათ შორის, რეზოლუციებს, საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ჰააგაში და რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან. შესაბამისად, საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეუძლია და ამაზე იყო არაერთი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. რატომღაც ამ ოპოზიციას და მათ მიერ მართულ ტელევიზიებს ეს განცხადებები უყურადღებოდ რჩებათ, სამაგიეროდ, ძალიან ინტერესდებიან განცხადებებით, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არის გამოთქმული. რაც შეეხება ბატონ არახამიას, მისი უსამართლო განცხადებები, რომლებიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას, ვერ შეცვლის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით,ძალიან სამწუხარო და სევდიანია, როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობის პირი ასეთი მძიმე ომის დროს იცლის და საკმაოდ ხშირად აკეთებს განცხადებებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

„ჩვენ სხვას არაფერს არ ვიტყვით ახლა, როდესაც ჩვენი მეგობარი უკრაინა არის ომში, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში უფრო უკეთ ესმით, რა მძიმე გამოწვევების წინაშეა ჩვენი მეგობარი უკრაინა და რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება ახლა, ვიდრე ეს ესმის ბატონ არახამიას, რომელიც უკრაინაშია და პირდაპირ ვალდებულია, მთელი დრო და ენერგია დაუთმოს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას“, – განაცხადა თალაკვაძემ.