“არ ვიცი, თემურ ალასანია რა მოტივით საუბრობს, თუმცა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობენ რევანშისტები” – იაგო ხვიჩია

88
spot_img

საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს რევანშისტები და შურისძიების მოყვარული ხალხი, მაგრამ ჩვენი პოზიციაა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის – თემურ ალასანიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

„ვერ გეტყვით, თემურ ალასანია რას რა მოტივით საუბრობს. მე ზუსტად ვიცი ის, რომ ჩვენი პარტია კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას აღიარებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმა და კონცეფციაც გვაქვს, თუმცა საზოგადოებაში ყოველთვის არსებობენ რევანშისტები და შურისძიების მოყვარული ხალხი. ის ხალხი, რომელიც ადამიანების ყურადღების მიქცევას სულ იარაღის ჟღარუნით ცდილობს და ამათ ვერ დაუშლი, მაგრამ ჩვენი პოზიციაა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თემურ ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, ვისთვის და რისთვისაა მსგავსი გზავნილი გათვლილი, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:

„ქვეყნის შიდა გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც მხარს უჭერს, მათ შორის დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას. ამ ამომრჩევლების კონსოლიდაცია რომ მოხდეს, არა მხოლოდ „ნაცები“, არამედ სხვა პარტიებიც მათ ხშირად კვებავენ ასეთი ტიპის ლაპარაკებით “, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.