,,არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია რუსული სტილის კანონის ამოქმედებასა და დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში”- სენატისა და ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები

17
spot_img

არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია რუსული სტილის კანონის ამოქმედებაში და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის.

ამის შესახებ 16 ქვეყნისა და გაერთიანების საკანონმდებლო ორგანოების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საერთო განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ისინი მიმართავენ ქართველ ხალს: ” მარტონი არ ხართ ”

“მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან შეშფოთების არაერთი გამოხატვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოცხადებულ დასავლურ ინტეგრაციის მიზანთან. როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლებს, გვესმის, რომ პარლამენტის როლია თავისი ხალხის სურვილი ასახოს, ქართველებმა ერთმნიშვნელოვნად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. ‘უცხოური აგენტების’ კანონი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას ასახავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს.

პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI Georgia), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაცია (GYLA), ცენტრალურ როლებს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ გზაზე. ეს კანონი სრულიად ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევებს და სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე – ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე – პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინაიდან მათი ლიდერობა და საქართველოს ხედვა ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითია, რაც მკვეთრ კონტრასტში მოდის პარლამენტის 84 წევრთან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრის დროს რუსეთის მოკავშირეები გახდნენ.

არასდროს არ მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობით მამაცად აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ურყევი ერთგულება, ასევე არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია ამ რუსული სტილის კანონის ამოქმედებაში და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის. ქართველ ხალხს ჩვენ ვეუბნებით: მარტონი არ ხართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთო განცხადება ინიცირებულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის მიერ. ხელმომწერებს შორის არიან ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.