არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაც, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მინისტრი, ტონით გველაპარაკოს, მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს -კახა კალაძე

31
spot_img

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა – მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს. არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაც, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტონით გველაპარაკოს, მაგ ტონით თავის მოსახლეობას ელაპარაკოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კითხვაზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის და შემდგომი ნაბიჯების საკითხს დააყენებს, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“ აიღოს პასუხისმგებლობა, კალაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე და 2012 წლიდან არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ამ მიმართულებით არასწორი ნაბიჯი გადაედგა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს. არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაც, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტონით გველაპარაკოს, თავის მოსახლეობას ელაპარაკოს მაგ ტონით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ჩვენ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა ქვეყნის საწინააღმდეგო. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, მიიღო კანდიდატის სტატუსი, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი და ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ამ გზას გაიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ კანონს საკუთარ ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან ვიღაცა ამბობს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რატომ იღებთ ამ კანონსო.

„ზუსტად ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მოგვიწოდებდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოვუშვებდით ციხიდან, ქვეყანა დაშორდებოდა ევროპულ მომავალს, ეს ადამიანები ზუსტად ვინც დღეს გამოდიან და აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, გვეუბნებოდნენ რომ თუ სანქციებს არ მივუერთდებოდით ე.ი დავიღუპებოდით და ქვეყანას უნდა აერჩია სად ვიყავით, სინათლეში, წარსულში თუ სიბნელეში. მაშინ ჩვენ არასწორი ნაბიჯი რომ გადაგვედგა და მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი, გამოგვეშვა სააკაშვილი – სად ვიქნებოდით? ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ჩვენ სახელმწიფოებრიობას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.