არ შეიძლება ვინმეს შეჯიბრებიდან გამოთიშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტს სურს ასე -დონალდ ტრამპი

53
spot_img

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის საფუძველზეც ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ტრამპმა ვიდეომიმართვა ფლორიდაში მდებარე მარა-ა-ლაგოს რეზიდენციიდან გაავრცელა.

ტრამპის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგად შემუშავებულია.

„არ შეიძლება ვინმეს შეჯიბრებიდან გამოთიშვა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტს სურს ასე“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამის უფლება მხოლოდ ამომრჩეველს აქვს და არა სასამართლოს. ტრამპი აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ადამიანები 100 და 200 წლის შემდეგაც ისაუბრებენ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის ის, რაც გაერთიანებს ქვეყანას და რაც ახლა არის საჭირო. ტრამპი ასევე ეხმაურება საკუთარ სხვა სასამართლო პროცესებსაც და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ უნდა დადგეს მის მხარეს იმ საკითხში, რომ პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, ხოლო თუ ის არ იქნება დაცული იმუნიტეტით, მაშინ პრეზიდენტის როლი ფორმალური იქნება.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო.