ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 21 ნოემბერს ისრაელის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების დაბრუნებასთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს აღწევენ. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს. „არ მინდა გავაზვიადო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება. ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში. მთელი გულით მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს”, – თქვა მან IDF-თან საუბრისას. ისრაელის მედია ქვეყნის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ გარიგების დეტალები ოფიციალურად უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. მათი ცნობით, შემოთავაზებული შეთანხმება მოიცავს დაახლოებით 50 ისრაელელი ბავშვის და მათი დედების გათავისუფლებას ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. გარიგება 1:3 ფორმატში მოეწყობა, ანუ თითოეულ ისრაელელ მძევალს 3 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაცვლიან. მოხსენების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეიძლება გახანგრძლივდეს, რათა მეტი მძევლის გათავისუფლება გახდეს შესაძლებელი. დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში IDF შეწყვეტს ღაზას თავზე დრონების ფრენას ყოველდღიურად 6 საათის განმავლობაში.