ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოთქვამდნენ“. ამის შესახებ სერგეი შამბამ რუსულ მედიას განუცხადა.
„სამხრეთ ოსეთს არაერთხელ ჩაუტარებია რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე და ეს არის ბუნებრივი გზა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ერთი ხალხის გაერთიანებისთვის. […] რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, [სამხრეთ ოსეთისგან] განსხვავებული, ჩვენ არ გვქონია ასეთი მიმართვები [რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე] და ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალებს აფხაზეთში, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ასეთ ფორმას განიხილავდნენ“, – აღნიშნა სერგეი შამბამ.
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.