აფხაზეთის შესახებ… და არა მხოლოდ… – პროფესორი ცირა ბარამიძე განათლების მინისტრს მიმართავს

424
spot_img

 

პროფესორი ცირა ბარამიძე საქართველოს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს განცხადებით მიმართავს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

“საქართველოს განათლების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს

 

აფხაზეთის შესახებ… და არა მხოლოდ…

ბატონო მინისტრო, არ მივიპყრობდი თქვენს ყურადღებას, საქმე რომ მეტად აქტუალურ თემას არ ეხებოდეს და მას ყველა ქვედა ინსტანცია გავლილი არ ჰქონდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის აფხაზეთი საქართველოა და არა მხოლოდ ლოზუნგით, არამედ საქმითაც… მაგრამ, სამწუხაროდ, არიან მეცნიერები (და ეს არ არის ახალი ამბავი), რომელთათვისაც ისტორიის გაყალბება თვითმიზნადაც ქცეულა. ასეთ შემთხვევას სამეცნიერო კვლევებითაც პასუხობენ და კორესპონდენციის ამ მოკლე ფორმატში შეუძლებელია იმაზე უკეთ ვთქვა, ვიდრე ეს გააკეთა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა როლანდ თოფჩიშვილმა პასუხად აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკატორთათვის (რ. თოფჩიშვილი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიის დამახინჯება და არა მხოლოდ…“, თბილისი, 2023, 114 გვ.). საქმე რომ მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებს ეხებოდეს და მათ პასუხებს, არც ამისთვის მოგაცდენდით, მაგრამ საქმე ეხება სასწავლო აუდიტორიას, სასწავლო პროგრამას თსუ-ში, რომლის ჩამონათვალში „გაბედულადაა“ წარმოდგენილი ერთგვარი კამუფლაჟით „აფხაზი ხალხის ისტორია და კულტურა“ და ეს პროგრამა წარადგინა თსუ-მ და დაამტკიცა აკრედიტაციამ – განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა, მიუხედავად ამ საგნის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა. მიმაჩნია, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი უმაღლესი ინსტანციაა, სადაც ქვედა საფეხურებზე დაშვებული ნებსითი თუ უნებლიე „შეცდომები“ უნდა აღმოიფხვრას, რათა პროგრამის მიზანი და სწავლის შედეგები აკმაყოფილებდეს ევროპული განათლების სისტემისა და საკვალიფიკაციო ჩარჩოთი გათვალისწინებული შესაბამისი საგანმანათლელო საფეხურის მოთხოვნებს და, ვფიქრობ, ასევე, უნდა პასუხობდეს ეროვნულ ინტერესებს. თქვენი აზრით, აფხაზეთის ისტორიის ცალკე საგნად შემოტანა პასუხობს ეროვნულ ან სამეცნიერო ინტერესებს?

„საგანი თსუ-ს სასწავლო პროგრამაში – „აფხაზი ხალხის ისტორია და კულტურა“ წარმოადგენს ოკუპირებული ა ფ ხ ა ზ ე თ ი ს   დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ე ლ   ს უ ბ ი ე ქ ტ ა დ          ა ღ ი ა რ ე ბ ი ს  აკადემიურ წინაპირობას და შეიცავს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ეროვნული მნიშვნელობის საფრთხეს. თანამედროვე გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული კონტექსტების გათვალისწინებით, საგანი „აფხაზი ხალხის ისტორია“ ასევე წარმოადგენს ცუდ მესიჯს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი, ისტორიული ნაწილი და მის შესახებ საკითხები შედის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო – პროგრამებში საკმაოდ დიდი მოცულობით, სადაც აფხაზეთი განხილულია  როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი.  სრულიად საწინააღმდეგოდაა იგივე საკითხები განხილული აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოცემულ სასკოლო სასწავლო სახელმძღვანელოში История Абхазии; თსუ-ში შემოტანილი საგანი „აფხაზი ხალხის ისტორია“ ერთგვარი კამუფლაჟითაა წარმოდგენილი. სინამდვილეში მისი „შექმნის“ აუცილებლობა არ არსებობდა და მისი შემოტანა ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. სამწუხაროდ, რიგი სამეცნიერო ნაშრომების ავტორები ამკვიდრებენ აფსუათა (თვითეთნონიმი) საქართველოში ავტოქთონობის შესახებ მოსაზრებას. ამავე აზრს ავითარებს აღნიშნული საგნის ავტორი. უკვე გასაგებია, თუ რას მოისმენენ სტუდენტები ამ საგანში, მათ შორის სტუდენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც  ამ საგნის მოსმენას გალის სკოლებში, რომლებიც უკვე 10 წელია რუსულენოვანია, აპროტესტებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საბაკალავრო სასწავლო პროგრამა საგნით „აფხაზი ხალხის ისტორია“ შეადგინა კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა და „განიხილა“ ფაკულტეტის საბჭომ, რომლის  მთავარ ამოცანას, როგორც ხარისხის სამსახური აღნიშნავს, მხოლოდ პროცედურები წარმოადგენს და ის (ხარისხის სამსახური) არ შედის შენაარსობრივ მხარეში. ჩემი, პროფ. ცირა ბარამიძის, წინააღმდეგობა აღნიშნული საგნის შემოტანის შესახებ გაგრძელდა მაღალ ინსტანციებში – მივმართე რექტორს, აკადემიკოსს, საქართველოს ისტორიის სპეციალისტს ამ საგნის დასაშვებობის  შესახებ მოკლე კითხვით – ან დაედასტურებინა, ან უარეყო ამ საგნის დასაშვებობა უნივერსიტეტში. რექტორს ეს კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა 023 წლის 28 თებერვალს, როცა თსუ-ს ეწვია აკრედიტაციის კომისია პროგრამების განსახილველად. რექტორს არც ცირა ბარამიძისათვის და არც ჟურნალისტისთვის არ უპასუხია. სამაგიეროდ, აკადემიურმა საბჭომ შესაბამისი ბრძანების ნომრით მიიღო პროგრამა და გადაუგზავნა აკრედიტაციას – ანუ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს დასამტკიცებლად.

აკრედიტაციის სამსახური ასევე იყო ინფორმირებული ოფიციალური წერილებითა და შესაბამისი არგუმენტაციით ჩემგან, პროფ. ცირა ბარამიძისაგან, რომ ამ საგნის დაშვება არ შეიძლებოდა. პროფესორი ც. ბარამიძე ითხოვდა, მიეცათ დრო პროგრამისათვის, რომ გამოსწორებულიყო ეს ხარვეზები, მათ შორის საგანი „კაზაკები კავკასიაში“ ასევე უნდა ამოეღოთ, რადგან ეს ასევე ეწინააღმდეგება კავკასიელი ხალხების ინტერესებს და არც საგნისთვის განკუთვნილი 15 ლექციაა მაქსიმუმ 2 საათის საკითხებისთვის თავსებადი ამ საგანში. აღვნიშნავდი ასევე პროგრამაში არსებული სხვა უზუსტობების შესახებ; მიუხედავად ამისა, აკრედიტაციამ დაამტკიცა ეს პროგრამა და ეს საგნები ამ პროგრამაში.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია აკრედიტაციის გადაწყვეტილება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება განათლების მინისტრისა და, ზოგადად, განათლების სისტემის მიდგომა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, საქართველოს განუყოფელი ნაწილის, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ  სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით, მაშინ როცა  არსებობს არამხოლოდ აკადემიური (როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო) არამედ პოლიტიკური საფრთხეებიც.

თუ ლინგვისტისა და ისტორიკოსის მომზადებაა პროგრამის მიზანი (როგორც ეს პროგრამაში წერია), სად არის ამ მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი საგნები? ლინგვისტი ნუთუ მზადდება ზოგადად, რომელიმე ენის რომელიმე დონეზე სწავლების გარეშე? რას ნიშნავს „სათანადო უნარები და კომპეტენციები“ ლინგვისტი კავკასიოლოგის ჩამოსაყალიბებლად, თუ ენის სწავლება არ ხორციელდება? რა ფორმითაც ხორციელდება, ის ვერ უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას და შედეგს – ენის სწავლება მხოლოდ ლექციითა და სემინარით პრაქტიკულის გარეშე ჯერ არც ერთ უნივერსიტეტში დედამიწაზე არ განხორციელებულა, უბრალოდ, შეუძლებელია. პროგრამას ლინგვისტის მომზადება აქვს მიზნად, ოღონდ კონკრეტული კავკასიური ენის სწავლებისთვის „საკმარისი“ აღმოჩნდა სამი სემესტრი კვირაში 4 საათით (2ლ+2ს), პრაქტიკული საათების გარეშე. როგორ მიიღო ეს პროგრამა აკრედიტაციამ, როცა ამ პროგრამასთან ერთად სააკრედიტაციოდ წარდგენილ, მაგალითად, ებრაიტიკის პროგრამაში ებრაული ენის სწავლებას პროგრამის ხელმძღვანელმა და აკადემიურმა პერსონალმა სრულიად სამართლიანად განუსაზღვრა 7 სემესტრი და კვირაში 8 საათიანი კურსი, აქედან 4 საათი პრაქტიკულისათვის. ამგვარად, აკრედიტაციის ექსპერტებისათვის ერთსა და იმავე მაგიდაზე იდო კავკასიოლოგიისა და ებრაისტიკის პროგრამები, ხოლო ამ ენების (მაგალითად, ჩეჩნურისა და ებრაულის) სწავლებაში რადიკალურად დიფერენცირებული მიდგომა მათთვის კითხვასაც კი არ აჩენდა. ექსპერტები თვლიან, რომ კავკასიური ენების შესწავლა სამი სემესტრით და 4 საათითაა შესაძლებელი, ხოლო ებრაულს ორჯერ და უფრო მეტი დრო სჭირდება. არც საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან შესაბამისობაა აქ მნიშვნელოვანი, არც ენის სწავლების შედეგის განმსაზღვრელი რომელიმე დონეა დაკონკრეტებული, რომ ეს დონე აიწიოს სწავლების მომდევნო საფეხურზე – მაგისტრატურაში.

ბატონო მინისტრო, თვლით, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ექსპერტები (კავკასიოლოგიის მიმართულებით) კომპეტენტურები არიან?  რისთვისაა ეს ცენტრი, თუ ის უალტერნატივოდ იღებს ყველა პროგრამას და მაშინაც კი არ უჩნდება კითხვები და შენიშვნები, როცა ეს კითხვები აკრედიტაციის პროცესამდე წინასწარ უდევს მაგიდაზე ჩემ მიერ გაგზავნილი. აკრედიტაცია უპასუხოდ ტოვებს დარგის წამყვანი სპეციალიტის კორესპონდენციას, მას ჩემთვის არ უპასუხია, ისე დაამტკიცა პროგრამა, რომელმაც, არსებითად, საქართველოში მოსპო კავკასიური ენების შესწავლისა და სწავლების შესაძლებლობა და პერსპექტივა, საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასწავლო-აკადემიური საფუძველი, რუსული ჰიბრიდული ომის ფორმატში „გააპრავა“ საგანი – „კაზაკები კავკასიაში“.

როგორ სასწავლო პროგრამებს სთავაზოს თსუ სტუდენტებს? როგორია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დამოკიდებულება? როგორია პროფესორთა, სტუდენტთა და საზოგადოების პოზიცია სასწავლო პროგრამაში „აფხაზი ხალხის ისტორიის“, როგორც დამოუკიდებელი საგნის მიმართ? ნიშნავს თუ არა, ან წარმოადგენს თუ არა საკითხის ამგვარი დასმა სწორედ აკადემიურ სფეროში ნიადაგის შემზადებას აფხაზეთის აღიარების შესახებ?  აფხაზი ხალხის  ისტორია ხომ საქართველოს ისტორიის ნაწილია და ის სრული მოცულობით ისწავლება სწორედ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამებში. მაშ, რას ემსახურება ამ საგნის პროგრამაში დამოუკიდებელ საგნად „გაჩენა“ და მიუხედავად ამ საკითხის გარშემო წარმართული არაერთი საჯარო და აკადემიური წინააღმდეგობისა, ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა  პროგრამა ამგვარი საგნით მაინც დაამტკიცა.  ვინ არიან ამ საგნის ინიციატორები და რა მიზნები ამოძრავებთ? ეს არის მთავარი კითხვა… საგნის ავტორის (ნ. ანთელავა) განაცხადს გავიხსენებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან ბრძანა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზები (აფსუებს გულისხმობდა) აბორიგენად საქართველოს ტერიტორიაზე. ე.ი. ჰეროდოტეს დროიდან რომ იყო უარყოფილი ე.წ. „ორაბორიგენობა“, სწორედ ეს გააცოცხლა საგნის ავტორმა და მოწმედ მ. ჩუხუა მოიხმო;  იქვე გამართულ პოლემიკას კი სასწრაფოდ გაეცალა. ამას დღევანდელი ჩვენი რექტორიც ისმენდა იმ სხდომაზე და ახლა რომც ჩანიშნოს რექტორმა „დისკუსია“ ამ საგნის შესახებ, რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ ეს უკან მიდევნებული ლამპარი? აკად. მ. ლორთქიფანიძე 2006-ში და 2011-შიც მაფრთხილებდა პროგრამების შედგენის დროს მე, როგორც მაშინდელი პროგრამების ხელმძღვანელს და კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელს სწორედ ამ საკითხის შესახებ, რომ დაუშვებელია მისი ცალკე საგნად გატანაო. დღეს რატომ გახდა დასაშვები?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვან საგანმანათლებლო სკოლებში ისწავლება „აფხაზეთის“, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ „ისტორია“ (История Абхазии), სადაც საქართველოს ისტორია სრულიად იგნორირებული და დამახინჯებულია, რისკები ამ საგნის თსუ-ს სასწავლო ჩამონათვალში შეტანის კვალდაკვალ ცხადზე ცხადი ხდება.

ამგვარად, მივმართე თსუ-ს ადმინისტრაციას, ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანს, რექტორს და, ბოლოსდაბოლოს, ხარისხის ეროვნულ ცენტრს შესაბამისი არგუმენტაციითა და კითხვებით, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი არც ერთი ინსტიტუციიდან არ მიმიღია, პროგრამას კი საგნებით : „აფხაზი ხალხის ისტორია“, „კაზაკები კავკასიაში“  გზა გაეხსნა აკრედიტაციის მიერ (მათ, კაზაკებს,  ეტყობა, „განსაკუთრებული კუთხით“ წარმოაჩენენ პროფესორები (ჩუხუა, კვიციანი) – კაზაკებმა ხომ „დიდი როლი“ შეასრულეს „ველური“ კავკასიელების დამორჩილებაში…); ჯ. კვიციანის რიტორიკა და ამოცანაა წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც მოდერნიზატორი და ცივილიზაციის შემომტანი კავკასიაში.

აკრედიტაციის საექსეპერტო კომისიას, რომელსაც აბარია განათლების ხარისხის ბედი საქართველოში და რომელიც 2023 წლის 28 თებერვალს თსუ-ში „Совершенно секретно“ განიხილავდა ამ პროგრამას და რომელსაც წინ ედო პროფ. ცირა ბარამიძის არგუმენტირებული მოთხოვნები, შეეჩერებინათ ეს პროგრამა და მიეცათ გამოსწორების საშუალება, კითხვაც არ დაუსვამს – რატომ არ ესწრებოდა ამ პროგრამის განხილვას პროგრამის წამყვანი სპეციალისტი ცირა ბარამიძე, კავკასიოლოგიის ინსტიტუციის შემქმნელი, კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამების ავტორი 2006 წლიდან 2023 წლამდე რომ მოქმედებდა და რატომ იყო წარმოდგენილი მისი სილაბუსები პროგრამაში პროფესორის ნებართვის გარეშე. ის ხომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდა პროგრამის შიგთავსს. ასევე იყო გამოყენებული სხვა პროფესორის სილაბუსები მისი ნებართვისა და მასთან შეთანხმების გარეშე… მინდა ეს კითხვა დავუსვა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას – რატომ იყო საჭირო ცირა ბარამიძის დისტანცირება და პროგრამის ჩუმად განხილვა, სწორედ “აფხაზი ხალხის ისტორია“ და „კაზაკები კავკასიაში“ რომ გაეტანათ, როგორც საგნები და ამ საქმეში პროფ. ცირა ბარამიძეს ხელი არ უნდა შეეშალა…?   პასუხი არც აქ იქნება, აკრედიტაციას განათლების ხარისხისათვის, აბა, სად სცალია…

რა უძღოდა წინ თსუ-ში ამგვარ აკადემიურ ცვლილებებს კავკასიოლოგიის პროგრამაში?

2020 წლის გაზაფხულიდან თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კავკასიოლოგიის ინსტიტუტში წარმოიშვა მწვავე დაპირისპირება სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ცირა ბარამიძესა და ამავე ინტიტუტის რამდენიმე პროფესორს შორის. დაპირისპირების მიზეზი იყო სამაგისტრო თემა „რუსეთის ჰუმანიტარული პროექტები სამხრეთ კავკასიაში – თანამედროვეობა და პერსპექტივები“, რომელიც დასამტკიცებლად წარმოადგინა ასოც. პროფ. ჯ. კვიციანმა რუსეთის მოქალაქე სტუდენტის, დარია კურდიავცევასათვის, ხოლო პროგრამის ხელმძღვანელმა (ცირა ბარამიძემ) ის არ დაამტკიცა და ურჩია, თემა შეეცვალა. პრინციპული დაპირისპირების მიუხედავად, ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ყოფილი რექტორის მხარდაჭერით, დაუმტკიცებელი თემა, რომელიც წინასწარ დაცვაზეც არ დაუშვა პროგრამის ხელმძღვანელმა, აი, სწორედ ეს თემა ოდნავ შეცვლილი სათაურით (რუსეთის ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროეტები სამხრეთ კავკასიაში – თანამედროვეობა და პერსპექტივები) მაინც დააცვევინა პროფესორთა ჯგუფმა. ამავე 4 კაციანმა ჯგუფმა „ურჩი“ პროგრამისა და ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორ ცირა ბარამიძის მიმართ განახორციელა წინასწარ დაგეგმილი რეპრესიები, მორალური ტერორი და რეპუტაციული ზიანის მომტანი ქმედებები.  ცხადზე ცხადი იყო – პროფესორი, რომელიც კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებდა რუსეთის ჰუმანიტარობას და ამ მიზეზით წინააღმდეგობას უწევდა მათ, აუცილებლად უნდა ჩამოეშორებინათ სასწავლო პროცესიდან, რადგან ამ სასწავლო პროცესში უნდა განხორციელებულიყო ისეთი „პროგრესული“ ცვლილებები, რომლებიც ცხადს გახდიდა რუსეთის „ჰუმანიტარულ“ როლს კავკასიაში და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, საქართველოში. ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ჩემი დისკრედიტაციის შესახებ საქმე უკვე სტრასბურგშია და აქ ამაზე არ გავჩერდები, მათ მიერ ჩემზე განხორციელებული მორალური ტერორისა და ზიანის შესახებ კი სასამართლო პროცესი დაწყებულია და  უკვე მესამე სხდომაა ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში. არც ამაზე შევჩერდები, რადგან ეს უკვე სამართლებრივი დავის საგანია. დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ამგვარად, რომ მ. ჩუხუას ქმედებები – საქმიდან ჩემი ჩამოშორება ემსახურებოდა ერთ მიზანს – ხელი არ შემეშალა პროგრამის ისეთი სახით განხორციელებაში, რომელსაც ახლა თქვენ წინაშე ვაპროტესტებ (ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია „აფხაზეთ ხალხის ისტორიისა და კულტურის“ ცალკე საგნად გამოტანა, სხვა საკითხებს რომ თავი დავანებოთ და თვალი დავხუჭოთ.; მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა – რისთვის არსებობს აკრედიტაცია, დახუჭობანასათვის?

როგორც აღვნიშნე, კითხვით მივმართე ახალ რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას,  ასევე წარვუდგინე ყველა აკადემიური დარღვევის შესახებ 5 კორესპონდენცია, მათ შორის. „აფხაზი ხალხის ისტორიის“ საგნად შემოტანის შესახებ, სადაც ვითხოვდი პასუხს არა მხოლოდ როგორც რექტორისაგან, არამედ როგორც ისტორიკოსისაგან, რამდენად მიზანშეწონილია ამ საგნის წარმოდგენა სასწავლო პროგრამაში? მაგრამ დღემდე არც პასუხი მიმიღია და არც რეაგირება მომხდარა. უნივერსიტეტში აკადემიური სამართლიანობის დაცვა ჩემთვის და ჩემ მიმართ შეუძლებელია.

კითხვები კითხვებად რჩება:

  1. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორს – რატომ არ უპასუხეს ჩემს წერილს, კითხვებს… არაკომპეტენტურადაც რომ მიეჩნათ, მაინც უნდა ეპასუხათ…
  2. რექტორს ჯაბა სამუშიას – რამდენი ხანი დასჭირდება, რომ უპასუხოს ჩემს კითხვებსა და სამართლიან მოთხოვნებს? მათ შორის, სამუშაო სივრცესთან დაკავშირებით…
  3. დეკანს – ნანა გაფრინდაშვილს – არ აკმაყოფილებს აფხაზეთის საკითხი საქართველოს ისტორიის პროგრამაში? 2022 წლის 21 დეკემბერს ფაკულტეტის საბჭოზე რატომ არ წარმოადგინა ეს პროგრამა გაშლით, მაშინ როცა ამ სხდომაზე, მე როგორც საბჭოს წევრი ვაპროტესტებდი პროგრამას და მის შიგთავსს… რამდენად ლეგიტიმურად მიაჩნია კლასტერიზაციის საკითხის დამტკიცება კავკასიოლოგიის შემთხვევაში ამავე სხდომაზე, როცა საბჭოს წევრებიდან 9 წევრიც კი აღარ იყო დარბაზში, ვინც ამ დაპირისპირებას ესწრებოდა…
  4. პროფ. მერაბ ჩუხუას, რის თქმა სურს ამ საგნებით „აფხაზი ხალხის ისტორია“ ან „კაზაკები კავკასიაში“, ან რატომ ამოიღო „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“, რადგან ამ საგანში რუსეთის ასიმილატორულ ენობრივ პოლიტიკაზე იყო საუბარი? აფსუები საქართველოში ავტოქტონები არიან და ჩვენი ადგილი აქ არ იყო? არის თუ არა საშიში ეს მიდგომა, მაშინ, როცა აფხაზეთი ოკუპირებულია… რომელია „ძირითადი კავკასიური ენა“ ? ეს რა სახის დისკრიმინაციაა. ნებისმიერი კავკასიელისთვის მისი მშობლიური ენა ძირითადია. თუ ეს ენა ქართულია, მისი სწავლება კომპეტენციის ძირითად საგნად სხვა ინსტიტუციის პრეროგატივაა – ქართული ენის ინსტიტუტისა; ამ საგნისთვის თუ მოწვეული გყავთ სპეციალისტი (ეტყობა, თსუ-ში ქართულს არ ასწავლიან…), რატომღა წერია პროგრამაში, რომ კომპეტენციის საგნებს აკადემიური პერსონალი კითხულობსო… რატომ კითხულობს ჩემს საგანს (თაბასარანულს… ისეთი მოწვეული, რომელსაც არც დაცული აქვს, არც ეს ენა იცის და, რაც მთავარია, არც შრომა არა აქვს ამ ენის შესახებ… მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ რას ამოწმებს აკრედიტაცია, მაშინ, როცა ამდენი აბსურდია ამ პროგრამაში…
  5. ასოც. პროფ. ნ. მაჭავარიანს – რომელიც არის აფხაზურის სპეციალისტი, მაგრამ აცხადებს, რომ არ არის აფხაზურის სრულყოფილი სწავლება საჭირო, დივერსანტებს ხომ არ ვზრდითო, განაცხადა… (მტკიცებულება არსებობს). პოზიცია შეიცვალა თუ არა და მიაჩნია თუ არა, რომ სამი სემესტრითა და პრაქტიკულის გარეშე (როგორც ეს მის მიერ მხარდაჭერილ პროგრამაშია წარმოდგენილი),  შეძლებს თუ არა, რომ უზრუნველყოს აფხაზური ენის სწავლება A2  და მით უმეტეს,  B1 დონეზე. აკმაყოფილებს ის, რასაც ეს პროგრამა კავკასიური ენების სწავლების  თვალსაზრისით წარმოადგენს?  მოკლედ, დივერსანტებს ზრდის თუ სპეციალისტებს და იმ შემთხვევაში, როცა აფხაზური თვით ოკუპირებულ აფხაზეთში არ ისწავლება შესაბამისად, რამდენად სწორად მიაჩნია ენის სწავლება პრაქტიკული სწავლების გარეშე… ან მხოლოდ მაგისტრატურაში სწავლების დაპირებით…

კითხვები კიდევ არის და თანაც ძალიან პრინციპული, მაგრამ აქ არ გავაგრძელებ…

აფხაზეთი საქართველოა და წინ სტუდენტია, აუდიტორია…”

პატივისცემით,

პროფ. ცირა ბარამიძე

15.09.2023