პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე, „ლელოს“ დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა და მიკროფონი ჩართვისთანავე გამოურთო.
კომიტეტმა მესამე მოსმენით – რედაქციულად, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა, რომელიც ცესკო-ს ფორმირების წესს ეხება.
როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სამართლიანი არჩევნების ჩატარება არ სურს და მისი ეშინია. ამ განცხადების გაკეთებისთანავე, კომიტეტის სხდომის წამყვანმა ნაცვლიშვილს მიკროფონი გამოურთო. როგორც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი მესამე მოსმენით განიხილება, კითხვები და შენიშვნები მხოლოდ რედაქციული ხასიათის უნდა იყოს.
ნაცვლიშვილის მტკიცებით, აღნიშნული პროექტით არათუ სრულდება, არამედ ირღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევრორეკომენდაცია და ის არის საკუთრივ პარტია „ლელოს“ წინააღმდეგ მიმართული პროექტი.
„ეს პროექტი არის ევროკავშირის რეკომენდაციის უხეში დარღვევა. სამართლიანი არჩევნების იმდენად ეშინიათ, რომ მზად არიან, რეკომენდაცია დაარღვიონ.
ამასთან, კანონპროექტში არის პარტია „ლელოს“ გასაჩერებლად და „ლელოს“ წინააღმდეგ მიმართული მუხლი – „ქართული ოცნება“ უკვე იმ სტადიაზე გადავიდა, რომ „ლელოს“ წინააღმდეგ კონკრეტულ მუხლს იღებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.