გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოითხოვს ჰუმანიტარულ პაუზებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. ამის შესახებ ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას ესმის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაგრამ „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ როგორ შეუძლიათ მათ, ვინც ამას ითხოვს, უზრუნველყონ ისრაელის უსაფრთხოება ამ საშინელ ვითარებაში და აინტერესებს იმ ხალხის ბედი, ვინც „ჰამასს“ მძევლად ჰყავს აყვანილი“.
„სიტუაცია რეგიონში რღვევის ზღვარზეა. როგორც ჩანს, განხეთქილება უფრო ღრმავდება. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიგრძნოთ, რამდენად დიდია სასოწარკვეთა ახლო აღმოსავლეთში, როგორ იტანჯება ხალხი ღაზაში, როგორ იტანჯება ხალხი დასავლეთ სანაპიროზე, რადგან ისინი გლოვობენ საყვარელ ადამიანებს. როგორ იტანჯება ხალხი ისრაელში, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, სად არიან მათი გატაცებული შვილები, მათი გატაცებული ცოლები“, – თქვა ბერბოკმა.