ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დასრულებულია და იმ კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც პორტის აშენების ინტერესი გამოხატეს, საზოგადოებას უახლოეს ხანებში წარედგინება.
„ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. გიდასტურებთ, რომ ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი. არის ინდივიდუალურად კომპანიები და არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. ახლა, ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება მიდის და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ და ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ. ამ ეტაპზე, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა, ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, ეს განაცხადები რომ დამუშავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, -განაცხადა დავითაშვილმა.