“როცა პრეზიდენტი ურჩობს – აი, ჩემი ხოში მაქვს, კანდიდატები წარმოგიდგინეთ და რაც გინდათ ის ქენითო – ამას არ “გავუტარებთ”

106
spot_img

მე თავმოყვარე ადამიანი ვარ და როცა პრეზიდენტი ურჩობს, ჯიუტობს, თან რამდენჯერმე მოგვატყუა – აი, ჩემი ხოში მაქვს, კანდიდატები წარმოგიდგინეთ და რაც გინდათ ის ქენით – ამას არ გავუტარებთ, – ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, კანდიდატები პარლამენტში წარდგენამდე უნდა შეთანხმებულიყო. უმრავლესობის დეპუტატმა ამ თემაზე წინასწარი კონსულტაციების არგამართვა პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის უპატივცემულობად შეაფასა და როგორც აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯებს პოლარიზაციისკენ დგამს.

“ორივე კანდიდატი თავისი გამოცდილებით კვალიფიციური და კომპეტენტურია, მაგრამ მე ვერ გავუგებ პრეზიდენტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია გააღრმაოს.

წარმოდგენილ კანდიდატებს მხარდაჭერა ხომ სჭირდებათ? მხარდაჭერა უმრავლესობის გარეშე მიიღწევა? – ვერ მიიღწევა! რა გამოდის – ე.ი. აპრიორი იცით, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ და წარმოადგინეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად შეთავაზებულ დიმიტრი ჯაფარიძესა და გიორგი ბაქრაძეს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს, მათ ხედვებს გაეცნენ, თუმცა მხარდაჭერი არ დაუჭირეს.