“ანაკლიის პორტის განვითარება საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის” – ლევან დავითაშვილი

101
spot_img

საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვის, რადგან გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება.

აღნიშნულის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ანაკლიის პორტის მიმართ, რა სახის ინტერესი აქვს აზერბაიჯანს.

„ანაკლიის პორტის განვითარება არის მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, ის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე ამ დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის: ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება, კონკურენტუნარიანი გახდება დერეფანი, მარშრუტი, რაც ემსახურება ეკონომიკის ინტერესებსაც, როგორც სატრანზიტო კუთხით, ისე ამ ქვეყნებში წარმოებული ტვირთის ექსპორტის კუთხით, ან იგივე იმპორტის ოპერაციების გასაზრდელად. ასე რომ სხვა ქვეყნების მხრიდან ინტერესი ბუნებრივია.

ჩვენ უკვე თებერვლიდან გვაქვს ფორმალური პროცესი დაწყებული, მიდის შერჩევა, უკვე ორი კანდიდატი გვყავს შერჩეული, რომელთანაც მიდის RFB ფაზაზე წინადადებების დაზუსტება ისე, რომ ამ პროცესს დროში, ეფექტურად,ისე როგორც იყო დაგეგმილი, ჩავატარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სათანადო ღირსეულ, კერძო ინვესტორ-პარტნიორს შევარჩევთ, რომელსაც თავისი კვალიფიკაცია ექნება, პორტის ოპერირებაშიც, რომ თავისი წვლილი შეიტანოს. ასე რომ ამ პროცესში ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით“ ,- განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, “შუა დერეფანში” ჩინეთიდან მომავალი ტვირთების კოორდინაციისთვის, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს.

„ეს არის კრიტიკული საკითხები, რომელსაც იგივე ჩინეთი სვამდა ჩვენთან, ყველა ქვეყანასთან, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი მარშრუტი. მათ სჭირდებათ სტაბილური მარშრუტები, იაფი გადაზიდვები და იმისთვის, რომ ეს მიღწეული იქნას, საჭიროა რკინიგზების მაქსიმუმი კოორდინაცია და ზუსტად ამ მიზნით 3 რკინიგზა ერთობლივ კომპანიას ჩამოაყალიბებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა ყულევის ტერმინალის გაფართოებაზეც.

„რაც შეეხება ყულევს, ეს არის „სოკარის“ მიერ ოპერირებული ტერმინალი. იცით, იქ ხდება ნავთობის ოპერაციები. თუმცა, არის საუბარი იმაზე, რომ იყოს დამატებით სხვადასხვა პროდუქტის გადამუშავების საშუალება. საუბარი გვქონდა, თუმცა შესწავლის ეტაპზეა იგივე გაზის ოპერაციები. ეს არის გათხევადებული გაზის ევროპისთვის მიწოდების შესაძლებლობების განხილვა, რადგან დღეს უფრო პოპულარული გახდა LNG ოპერაციები მსოფლიოში, რომელიც ადრე არ იყო და მილსადენების გარდა განიხილება გაზის მიწოდების სხვა ალტერნატიული ტექნოლოგიებიც. ასე რომ ეს საკითხიც, სხვა ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული საკითხი განხილვის საგანია, ასევე, შესწავლის საგანია და მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მოხდეს გაზის გათხევადება, შემდეგ თხევადი გაზის მიწოდება და შემდგომში ისევ აირად ქცევა უკვე სხვადასხვა პორტებში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოქნილობა იზრდება. ჩვენ არა მხოლოდ მილსადენებით მოვახდენთ გაზის მიწოდებას საქართველოს მეშვეობით, არამედ საქართველო შეიძლება იყოს გათხევადებული გაზის მიწოდების კუთხით “, – განაცხადა დავითაშვილმა.