“ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს რომ ვაშენებდეთ და იქ ამერიკული ინტერესები იყოს, რუსეთს ოჩამჩირეში ბაზირება შეიძლება ვერ გაებედა”

85
spot_img

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს რომ ვაშენებდეთ და იქ იყოს ამერიკული ინტერესები, რუსეთს ოჩამჩირეში ბაზირება შეიძლება ვერ გაებედა – ესაა მაგალითი „ქართული ოცნების“ რუსეთთან კოლაბორაციონიზმის, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების განთავსება არის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის მცდელობა.

„ამ ბაზების აშენება რა თქმა უნდა, ჩაფიქრებული იყო რუსეთის მიერ და ახლა ჩვენ რომ გვქონდეს გამალებული მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და შავ ზღვაზე იყოს ამერიკული ინტერესები, რაც არ უნდოდა ივანიშვილს, იქნებოდა მნიშვნელოვანი ბალანსი და შეიძლება ვერც გაებედათ რუსებს სამხედრო ბაზირება ოჩამჩირეში. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც არ უნდა ეცადო რუსეთთან თანამშრომლობას, ურთიერთობების დალაგებას, კოალიციაში შესვლას, წარმოუდგენელია, რომ ამის მიუხედავად რუსეთმა კვლავ არ მიიტაცოს ტერიტორიები, არ შეეცადოს გაძლიეროს თავის სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძლება გაჩნდეს ახალი სამხედრო ბაზა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ჩავარდნის, რუსეთთან დალაგებიდან კოლაბორაციონიზმში გადაზრდის”, – განაცხადა დეკანოიძემ.