,,ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს, თუ დავალების შესასრულებლად არ შემოდის?”-პრემიერი

7
spot_img

ადამიანს [დარჩო ხეჩუაშვილს] 18-წლიანი ციხე ემუქრებოდა და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობს. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გივი თარგამაძეზე თვალთვალი, თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.

მისი შეფასებით, არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი და სახელმწიფოს მაქსიმალური სიფრთხილე სჭირდება, რადგან საარჩევნო პროცესი პროვოკაციების გარეშე წარიმართოს.

„დეტალები საინტერესოა, ეს უმძიმესი პროვოკაცია უშუალო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია. მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დამატებით გამოძიება და დიდი სიფრთხილე, წარმოიდგინეთ ადამიანს პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და ცდილობს საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, თუმცა დანარჩენს გამოძიება დაადგენს.

მაგრამ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება, საარჩევნო პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, არჩევებამდე 2 კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საარჩევნო პროცესი ასე მშვიდად მივიყვანოთ ბოლოში. ამისათვის გვჭირდება მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რომელზეც გრძელდება საუბარი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული, რათა არა მძიმე არამედ ვერცერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, ამირან გულუაშვილმა აღნიშნა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.