“ამერიკა გაგებით ეკიდება ჩინეთის როლს უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით”

95
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Posts) გამოქვეყნებულია გავლენიანი პოლიტიკური მიმომხილველის დევიდ იგნატიუსის სტატია სათაურით „ამერიკა გაგებით ეკიდება ჩინეთის როლს უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით“, რომელშიც ავტორი ამერიკელი დიპლომატების თვალსაზრისს გადმოსცემს მოსკოვ-კიევის ომში პეკინის შუამავლობის როლის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, იმის აწონ-დაწონას ახდენს, რამდენად ღირს ჩინეთთან თანამშრომლობა უკრაინის ომის მოლაპარაკებით დარეგულირების ძიებაში მას შემდეგ, რაც, ამერიკელი ოფიციალური პირების პროგნოზით, უკრაინის არმია დაგეგმილ კონტრშეტევას წარმატებით განახორციელებს და მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს მიაღწევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ვაშინგტონ პოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ღიად ისაუბრა ადმინისტრაციის ხედვაზე პეკინის როლთან მიმართებით ომის შეწყვეტის პრობლემის მოგვარებაში. მისი კომენტარები გარკვეულწილად ეხმიანება ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ კულუარებში გაკეთებულ კერძო გამონათქვამებს, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ ჩინეთის საშუამავლო როლით სარგებლობას.

„მშვიდობის დამყარების ამერიკული გზა“ ასე გამოიყურება: თავდაპირველად უკრაინა კონტრშეტევით უკან იბრუნებს თავისი ტერიტორიის მაქსიმუმს (ენტონი ბლინკენის თქმით, „იგი გრძნობს და დარწმუნებულია, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს“, თუმცა ნათქვამიდან არ ჩანს, აქვს თუ არა მხედველობაში მას ოკუპირებული მიწების სრულად დაბრუნება). ამის შემდეგ უკრაინა რუსეთს მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს, მაგრამ ძალის პოზიციით. მომდევნო ეტაპი – მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვებიან შუამავალი ქვეყნები, რომლებსაც რუსეთზე გავლენა აქვთ, მათ შორის ჩინეთიც.

როცა მე ენტონი ბლინკენს ჩინეთთან ერთობლივ მუშაობაზე ვკითხე სავარაუდო სტაბილური შედეგის მიღწევასთან დაკავშირებით, მან გასაკვირი გულახდილობით მიპასუხა: „პრინციპში, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ არსებობს ქვეყანა, ჩინეთი იქნება ეს თუ სხვა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად… ჩვენ ამას მივესალმებით და სრულიად შესაძლებელია, რომ ჩინეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს, რაც ძალიან სასარგებლო იქნება“.

როგორც ენტონი ბლინკენმა თქვა, ჩინეთის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან გეგმაში გარკვეული პოზიტიური მომენტები მართლაც არის: პეკინის წინადადებები მოიცავს „ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას“ და, შესაბამისად, მასში ნაგულისხმევია უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა. გარდა ამისა, „ომში გამოყენებული არ უნდა იქნეს ბირთვული იარაღი და მთელი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს სიტუაციის დეესკალაციას ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების მიზნით“.

უკრაინას სურს, რომ ჩინეთმა რუსეთთან ომში საშუამავლო როლი შეასრულოს. გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა, მოგვიანებით კიუკრაინის ლიდერმა თქვა, რომ მათ იმსჯელეს „სამართლიან და მტკიცე მშვიდობაზე“ უკრაინის მხრიდან რაიმე ტერიტორიული დათმობის გარეშე. საუბრის ანგარიშის ჩინურ ვერსიაში ხაზგასმულია, რომ „ყველა მხარემ უნდა ისარგებლოს ყოველი შესაძლებლობით, რომელიც ხელს შეუწყობს კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას“.

ენტონი ბლინკენის თქმით, სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი „პოზიტიურ მომენტს წარმოადგენს – იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია პეკინმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მშვიდობის დამყარებას ესწრაფვიან, მოუსმინონ არა მარტო აგრესორს, არამედ მის მსხვერპლსაც“.

როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე ჩინოვნიკმა მითხრა, რუსეთი ჩინეთის ამგვარი საშუამავლო როლით უკმაყოფილოა. მაგრამ მოსკოვისათვის, რომელიც ძალიან არის პეკინზე დამოკიდებული ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, იოლი არ არის წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის სურვილს. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები დაინტრიგებულნი არიან ჩინეთის სამშვიდობო ძალისხმევით: მათი ვარაუდებით, თუ ჩინეთი წარმატებას მიაღწევს, შემდგომში, სამომავლოდ რუსეთს შესაძლებლობა აღარ ექნება ომი ისევ დაიწყოს. „ასეთ სიტუაციაში სტაბილურობის დაცვის ერთადერთი გარანტის როლის შესრულება ისევ ჩინეთს თუ შეუძლია“, – მითხრა თეთრი სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად იქნება შეთავსებული ამერიკელების პოლიტიკა ჩინეთის ევროპულ პოლიტიკასთან იმ დროს, როცა ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებს პეკინთან მომგებიანი გარიგებების დადებაზე უარის თქმას აიძულებს, მაგრამ როცა თვით ვოლოდიმირ ზელენსკიც კი, რომელიც ამერიკულ და ევროპულ სამხედრო-ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული, სი ძინპინთან კონტაქტებს მიესალმება, მაშინ შუამავლობიდან ჩინეთის გამორიცხვა არარეალური იქნება.

ყველაზე უკეთესი სტრატეგია, რომლისკენაც, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაცია იხრება, გამოიხატება იმაში, რომ აღიარებული იქნას პეკინის როლი, მაგრამ იმავდროულად ვაშინგტონმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ჩინეთი მასაც [ამერიკას] პასუხისმგებლობით მოეკიდოს, როგორც ძლიერ სახელმწიფოს. მოკლედ, ჩინეთს უკრაინაში შეუძლია საფუძველი ჩაუყარიოს სამართლიან მშვიდობას.

წყარო