“ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება” – როგორ აფასებს IRI-ის კვლევის შედეგებს ვაჟა ბერიძე

664
spot_img

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დღეს, გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს  არჩევნები, რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“.

გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 34%  “ქართულ ოცნებას”

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს.

კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის:
კახა კალაძის მიმართ 52% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 44% უარყოფითად
სალომე ზურაბიშვილის მიმართ 48% დადებითად არის განწყობილი, 47% კი უარყოფითად
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 43%, უარყოფითად კი 53%
გიორგი გახარიას დადებითი რეიტინგი 36%-ია, უარყოფითი კი 56%
მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 36%, უარყოფითად კი 59%
ბიძინა ივანიშვილის მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, 58% კი უარყოფითად
შალვა ნათელაშვილი მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 58% უარყოფითად

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ შეაფასა.

მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევების შედეგები საქართველოში სანდო არ არის.

„ასეთი კვლევებით ხდება საზოგადოების განწყობებისა და საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი. ვინც ამ კვლევებს ატარებს ქართული კომპანიის მეშვეობით, კარგად აქვთ დამუშავებული სათანადო მეთოდოლოგია და შედეგებს იღებენ დასაშვებ ცდომილებასთან ახლოს. ძირითადად ეს კვლევები სანდოა და ამ კვლევებით სარგებლობენ ველზე მომუშავე ორგანიზაციებიც, “კავკასიის რესურს ცენტრი” და მორე მხარეს “აიპიემი”. ამ კვლევებით იღებენ ისეთ მონაცემებს, რაც მეტ-ნაკლებად რეალობას ასახავს. სოლიდური ამერიკული ორგანიზაციები „ენდიაი“ და „აირაი“ იღებენ ზუსტ მონაცემებს, ხოლო შემდეგ, ჩემი ღრმა რწმენით, ქართულ საზოგადოებას კორექტირებულს აწვდიან, რაც შედის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს ინტერესებში საქართველოსთან მიმართებით. ამ შედეგებში, მაგალითად, ორი მონაცემი შეიძლება ადეკვატური იყოს და ერთი – ისეთი, რომელიც დამკვეთ ორგანიზაციას საზოგადოებრივი აზრის მართვის თვალსაზრისით ხელს აძლევს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ჭეშმარიტების დასადგენად უნდა დავიწყოთ ბნელ ოთახში ხელების ფათურით სიარული. მათი თამაში ვითამაშოთ, ანუ დავეხმაროთ საზოგადოებრივი აზრის მართვაში და პოპულარიზაცია გავუწიოთ იმ შედეგებს, რომელიც მათ გასასაჯაროებლად მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ამის გათვალისწინების გარეშე კი მონაცემების ანალიზი მცდარი და არასერიოზული იქნება, რასაც ბევრი მედია საშუალება აკეთებს,“– აცხადებს ვაჟა ბერიძე.

როგორც ის აცხადებს, კვლევის შედეგებში, რაღაც რეალობასთან ახლოსაა და რაღაც კორექტირებულია.

„მაგალითად, მიშას რეიტინგმა გადაასწრო ბიძინას რეიტინგს. ეს მიშას მხარდასაჭერად გაკეთებული მონაცემია, რადგან საქართველოში ბიძინას რეიტინგს სააკაშვილის რეიტინგი ვერასდროს გადაასწრებს, სულ რომ ამოტრიალდეს ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ ბიძინა „ფრთოსანი ანგელოზია“, მასაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. დღესაც ბევრი ხარვეზი აქვს მის არაფორმალურ მმართველობას. ის ცდილობს თანაშემწეების მეშვეობით ქვეყნის მართვას. ბევრი უარყოფითი მომენტი აქვს სხვა დადებითებთან ერთად, რაც მან გააკეთა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლით, ქველმოქმედებით და ა.შ. მიშას პოზიტივი რეფორმატორობით, პატრულის ჩამოყალიბებით, თბილისისა და ბათუმის მოწესრიგებით, დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებით სრულდება. ამის შემდეგ იწყება ნეგატივი, რომელიც ავტორიტარიზმის ქართული ნაირსახეობაა – ე.წ. „ყბადაღებული 9 წლიანი მმართველობა“ დიდი ნეგატივის შემცველია. როგორ შეიძლება ამ სისტემის შემოქმედმა აჯობოს ბიძინას,“– განმარტავს ვაჟა ბერიძე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.

კერძოდ, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% – კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.

აღნიშნულს პოლიტოლოგი ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილმა სააკაშვილი უნდა გაუშვას  საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება.

„როდესაც სააკაშვილი შემოიჭრა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, ივანიშვილი იძულებული გახდა დაეკავებინა ის. რამდენიმე მედია გამოსვლაში ვთხოვე ივანიშვილს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი გაეშვა. იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი არ იმსახურებს პასუხისგებას… იმიტომ, რომ ბიძინას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს ამბავი სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთში სათანადოდ მიიტანოს. ყველა შემთხვევაში მარტო ბიძინა კი არა, საქართველო დარჩებოდა წაგებული. მესმის, რომ ბიძინას აქვს ვალდებულებები იმ ქვეყანასთან და მის პირველ პირთან, სადაც მან მილიარდები იშოვა. ის ბოლო დრომდე “გაზპრომის” 1% -ის მფლობელი იყო. ეს ფაქტორი ამ ვალდებულებას განაპირობებს. ამიტომ ვეღარ გაუშვა სააკაშვილი, რომელიც მისთვის უკვე ზედმეტი თავის ტკივილია. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვას მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება. ჩვენი პროდასავლური იმიჯი სერიოზულად შეილახა და აქედან გამომდინარე, სხვა თვალსაზრისითაც არ დაგვრჩება სხვა გზა, გარდა რუსეთთან პარტნიორობისა. იძულებული დავრჩებით, რომ მათთან ვითანამშრომლოთ.

კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტს ჩინელები ააშენებენ. ჩინეთი, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ ამერიკელები, ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. რუსები კი ამაზე წინააღმდეგობას არ გამოთქვამენ. ჩინელებმა, რომ აიღონ კონტროლი ანაკლიის მშენებარე პროექტზე ან პორტზე, ამაზე რა რეაქცია ექნება დასავლეთს?!“- აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კერძოდ, კითხვაზე, „ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით?“, რესპონდენტთა 62%-მა განაცხადა, რომ არასწორი მიმართულებით, 30%-მა განაცხადა, რომ სწორი მიმართულებით, 7%-მა კი არ იცოდა პასუხი, ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება,მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკური ასპექტები, ამ განვითარების ხარვეზიანია.

„მაშინ 62% -მა გვითხრას რას მიიჩნევს სწორ და არასწორ მიმართულებად. სწორი მიმართულება რა არის?- სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის აღმშენებლობა, საქართველოს ომში ჩართვის არ დაშვება, პროდასავლური კურსი, ღია ეკონომიკისა და ეროვნული ინტერესების ერთგულება. თუ ყველაფერს შევკრებთ, ამ მიმართულებით მმართველი პარტია ჯერჯერობით არაფერს არ ცვლის. რუსეთისკენ მიხედვას ვერც ეს ხელისუფლება და ვერც მომდევნო ვერ შეძლებს, ვიდრე სიტუაცია არ ამოტრიალდება. ზევით ჩამოთვლილს ეს ხელისუფლება აკეთებს და არასწორი მიმართულებით რატომ ვვითარდებით?! ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ ჩვენ შედეგები არ გვაკმაყოფილებს და არა მიმართულება. მიმაჩნია, რომ კითხვა არ არის სპეციალისტების თვალით კარგად დანახული, ჩამოყალიბებული და პასუხიც არარელევანტური და არაადეკვატურია. მიმაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკური ასპექტები, ამ განვითარების ხარვეზიანია და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან სერიოზულ კორექტირებას საჭიროებს.

ამდენ რამეს მოიცავს ეს კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა არა იმიტომ, რომ ჩვენ გავიგოთ ხალხი რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, არამედ იმის გამო, რომ ვიღაცის ინტერესები დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი აზრის მართვის თვალსაზრისით,“ – აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ვაჟა ბერიძე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /