ოპოზიციური არხები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს აღშფოთებულმა ხალხმა გააკეთა. აღშფოთებულმა ხალხმა კი არ გააკეთა, ეს გააკეთა ქვეყნის და სასამართლოს წარმატებით შეშფოთებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან დაკავშირებულმა რომელიღაცა „ენჯეომ“ ან პარტიამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ის დედაქალაქში სასამართლოსთან დაკავშირებულ წარწერებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან „ძალიან დიდი ფული დგას“.
„ოპოზიციური არხები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ აღშფოთებულმა ხალხმა გააკეთა. ეს აღშფოთებულმა ხალხმა კი არ გააკეთა, გააკეთა ქვეყნის და სასამართლოს წარმატებით შეშფოთებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან დაკავშირებულმა რომელიღაცა „ენჯეომ“ ან პარტიამ. გარანტირებულად შეიძლება ამის თქმა. ამის უკან დგას დიდი ფული. აქ არის პარტიული ინტერესი, აგენტურული ინტერესი და დიდი ფული“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში ლგბტ პროპაგანდისათვის ძალიან დიდი ფული იხარჯება.
„როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე, ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული შემოდის. დღეს კიდევ ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ „ნაცმოძრაობის“ არხს გრანტი დაუმტკიცდა, შემდეგ თურმე ვიღაცები ამბობენ: „კი, გრანტი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდის, უბრალოდ, ეს გრანტი უმიზნოდ დაგვიმტკიცდაო“. უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება! თურმე, ამიტომ იყო, რომ შარშან თავი მოიკლეს, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეტყუებინათ, რომ თურმე ამერიკული კანონი რუსულია. ამიტომ არუსებდნენ იმ კანონს, რომ ამ გრანტების მიზნობრიობა ვერ უნდა გაგვეგო.
თურმე ნიკა გვარამიამ დეტალურად იცის, ამ გრანტის შესახებ და თან ისიც იცის, რომ თურმე მიზნობრიობა არ გააჩნია. ეს რას ნიშნავს? – რა მიზნობრიობაც დასახელდა მართალი ყოფილა. მე მოვერიდებოდი ამ ეთერში ამის თქმას, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი დიდი თანხის 5-6% (რომელიც ასევე დიდი თანხაა) „მთავარ არხს“ გამოეყო და ამ დროს გვარამია აცხადებს, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ე.ი. რაც გავრცელდა, ის არის მართალი და გამართლება ვერ მოიფიქრეს, მათი ენით, რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს „გაპრავება“ მოუფიქრონ. ეს არის ძალიან სამწუხარო.
როგორც ჩანს, ჩვენმა ოპონენტებმა და მათმა პატრონებმა უკვე სავსებით რეალურად გადაწყვიტეს, რომ მათ არაფრის თავი არ აქვთ და ახლა აქცენტი ფულზე გააკეთეს. ლგბტ პროპაგანდისათვის ძალიან დიდი ფული იხარჯება. მათი მხრიდან სასამართლო კამპანიის წინააღმდეგ (წუხელ თბილისი, რომ ააჭრელეს) ძალიან დიდი ფული იხარჯება. საიდან მოდის ეს დაფინანსება?“, – აღნიშნა მდინარაძემ.