ამ პროცესით არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე – გია ვოლსკი

12
spot_img

რეალურად, ამ პროცესით არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

ვოლსკის თქმით, საქართველოში მიღებული კანონი ერთადერთია, რომელიც არ ითვალისწინებს ფიზიკური პირების განხორციელებული საქმიანობის რეგისტრაციას და არანაირი ნიშნით, პათოსითა და დამოკიდებულებით არ ჰგავს რუსულ კანონს.

“ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო ასეთი კანონი და გაცილებით უფრო მძიმეა თავისი ხისტი ზომებით, რომელიც ამ კანონის შეუსრულებლობის გამო შეიძლება დაეკისროს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს. ერთადერთი კანონია ქართული, რომელიც არ ითვალისწინებს ფიზიკური პირების განხორციელებული საქმიანობის რეგისტრაციას. ყველაზე მსუბუქია ასევე გატარებული ზომები.

რაც შეეხება გამჭვირვალობის თემას, ეს ვერანაირად იქნება ევროპული სტანდარტის დამრღვევი და არანაირი ნიშნით, პათოსითა და დამოკიდებულებით არ ჰგავს რუსულ კანონს, რომელი კანონის მიხედვითაც ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოწმება შეიძლება და ნებისმიერი პირისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს. ასე რომ განსხვავება არის როგორც ცა და დედამიწა.

მაგრამ რეალურად, ამ პროცესით არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე. სწორედ ისინი განაპირობებენ ხასიათს და დამოკიდებულებას თორემ არც ამ კანონით და ასეთი რომელიმე საქციელით საქართველოს ხელისუფლება არ უწყობს ხელს რუსეთის ფედერაციის რომელიმე ინტერესს. ეს ნარატივი, რაც ვრცელდება, მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმისგან, რაც უნდა გავრცელებულიყო 2012 წლამდე, როდესაც ჩამონათვალია სულ მცირე 10 სერიოზული ნაბიჯისა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ გადადგა. დღეს ეს ხალხი აკეთებს განცხადებას და ამ ხალხს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდი, რომელმაც ეს სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.