“ამ პროექტის განხორციელება წარუშლელ ზიანს მიაყენებს ქალაქის ისტორიულ ნაწილს” – საბა ბუაძე „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილ მშენებლობაზე

42
spot_img

ეს შენობა და პროექტი მდებარეობს მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემურ კალაპოტში, სადაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს წყალმოვარდნის ყველაზე ძლიერი ნაწილი დაფიქსირდა. შესაბამისად, ნებისმიერი მშენებლობა ამ ტერიტორიაზე, უბრალოდ, უდიდესი რისკების შემცველია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც „ლაგუნა ვერეს“ ირგვლივ დაგეგმილ მშენებლობას ეხებოდა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ გაიწვიოს ეს პროექტი უკან, „ვინაიდან მისი განხორციელება უდიდეს ზიანს მიაყენებს ქალაქს”.

„დაგეგმილია ყოფილი „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე არსებული უზარმაზარი პროექტის დამტკიცება. ეს არის ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, რომელიც მოიწონა თბილისის მერიამ, რომელიც პირადად ივანიშვილმა მიყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქს და მიუხედავად აქ არსებული უზარმაზარი რისკებისა, თბილისის მერია და საკრებულო გეგმავენ, რომ მწვანე შუქი აუნთონ ამ პროექტს. ამ პროექტს აქვს პრობლემები სატრანსპორტო თვალსაზრისით. გმირთა მოედანი ნებისმიერ მონაკვეთში არის უკიდურესად გადატვირთული და აქ ამ მოცულობის მშენებლობის წარმოება, უბრალოდ, დაუშვებელია. ასევე, არსებობს პრობლემა ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით და ამ პროექტის განხორციელება წარუშლელ ზიანს მიაყენეს ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილს. რაც ყველაზე მთავარია, ეს შენობა და პროექტი მდებარეობს მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემურ კალაპოტში, სადაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს წყალმოვარდნის ყველაზე ძლიერი ნაწილი დაფიქსირდა. შესაბამისად, ნებისმიერი მშენებლობა ამ ტერიტორიაზე, უბრალოდ, უდიდესი რისკების შემცველია. მაგრამ ეს რისკები კალაძეს, ივანიშვილს არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ რუსეთიდან შემოსული ფულის ხარჯზე გამდიდრება და ასეთი ნებართვების სახით სხვადასხვა ტიპის სქემების დალაგება. ეს არის მათ შორის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე, ისტორიულად არსებული სარეკრეაციო ზონა, რომლის შეცვლასაც და აქ ცათამბჯენების მშენებლობას აპირებენ. ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ, რომ გაიწვიოს ეს პროექტი უკან, ვინაიდან მისი განხორციელება უდიდეს ზიანს მიაყენებს ქალაქს და წარმოშობს უდიდეს რისკებს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.