თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ლევან ხაბეიშვილს დატოვებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლები მარცხისთვის არიან განწირული.
„არ ვიცი მათი დაპირისპირების საგანი. ლევან ხაბეიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. სხვათაშორის, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მას ვგულშემატკივრობდი. ერთი რამ ცხადია, ვიცით, ვინც იყო შემოქმედი რადიკალიზმის, ბოროტების, იმ უბედურების, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა. ამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მომავალი არ აქვთ, განწირული იქნებიან მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, თავის თავზე გამოსცადა ეს უბედურება, შესაბამისად, წარსულს მოსახლეობა არასდროს დაუბრუნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის კონსოლიდაცია არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან.
„ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან. ერთ დროს ერთი კონკრეტული ფრთის – სააკაშვილის გაერთიანების ქვეშ იყვნენ, შემდეგ დაიშალნენ, შექმნეს საკუთარი პარტიები, როგორ გამოვლენ არჩევნებში, ცალკეულად, თუ გაერთიანებულად, ეს არაფერს ცვლის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.