„კატასტროფა პლანეტარული მასშტაბით“ – რა ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს კახოვკის ჰესის აფეთქება

1094
spot_img

„კატასტროფა პლანეტარული მასშტაბით“ – ასე აფასებენ ექსპერტები უკრაინაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის ფაქტს, რომლის აფეთქებაც, 6 ივნისის ღამეს, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკაში, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი, რომელთა ნაწილიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ნაწილი კი უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინულ სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოში“ აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელია.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ტერაქტის განხორციელებაში ადანაშაულებენ, ექსპერტები ხელოვნური კატასტროფის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

კატასტროფის შედეგად, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში, ჯამში დაახლოებით ათასი ჰექტარი მიწა წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა , – ამ ინფორმაციას კი, მედიასაშუალებები უკრაინის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სინჯებმა აჩვენა, რომ ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა.

ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაშხლის განადგურების გამო ზღვაში მტკნარი წყალი შევიდა.

”დნიპროში წყლის ყოველწლიური ნაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრს შეადგენს და ახლა კი უეცრად პლუს 10 – ერთ კვირაში“, – განაცხადა მან.

მანამდე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის გამტკნარება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების აყვავების საფრთხეს ქმნის, რომლებიც თრგუნავენ წყალსაცავის ბუნებრივ ფლორას. ასევე, კაშხლის განადგურების გამო, კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შეიძლება ზღვაში შევიდეს. დაბინძურება უზარმაზარია – ნიტრატები, ფოსფატები, ნავთობპროდუქტები. იმის გამო, რომ წყალმა ცხოველთა დიდი რაოდენობა გაანადგურა, არსებობს წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების საშიშროებაც.

რა საფრთხის შემცველია კაშხლის აფეთქების შედეგად არსებული მდგომარეობა და რას უნდა ველოდეთ მომავალში? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ ეკოლოგ კახა ბახტაძეს ესაუბრა.

როგორც ეკოლოგმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, შავ ზღვაში საკმაოდ დიდი მოცულობის წყალი ჩავიდა, რამაც, წყლის გამტკნარება გამოიწვია.

„ეს გახლავთ დაახლოებით 18-20 კუბური კილომეტრი წყლის მოცულობა. აქედან გამომდინარე, ცხადია, უკრაინის სანაპირო ზოლში გარკვეული ეკოლოგიური ცვლილებები იქნება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის მოცულობიდან გამომდინარე, ეს საკითხი მომავალში აუცილებლად დაბალანსდება“, – აცხადებს ის.

ეკოლოგის განმარტებით, ამ ეტაპზე, განსაკუთრებული ყურადღება წყლის დაბინძურების საკითხს უნდა მივაქციოთ.

„წყლის დაბინძურების შესახებ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის, ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე გადის ფრონტის ხაზი. შესაბამისად, საკმაოდ დიდი რაოდენობის საბრძოლო-სამხედრო მასალა იყო თავმოყრილი. ის, თუ რა ტიპის მასალაა და რას გამოიწვევს მომავალში, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. თუმცა, რეალური შანსი, რომ სახიფათო ნარჩენებით დაბინძურდეს წყალი, ნამდვილად არსებობს. მოგეხსენებათ, შემდეგ ამ დაბინძურებული წყლის ჩადინება ხდება შავ ზღვაში, რაც კიდევ ახალ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, დაიტბორა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები, დაახლოებით 350 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და აქაც, ძალიან აქტიურად მოხდა ნიადაგის დაბინძურება“, – განაცხადა კახა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ არც იმის შესახებ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის სახიფათო ნარჩენები იყო განთავსებული აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კიდევ რა ტიპის სახიფათო ნარჩენები იყო განთავსებული აღნიშნულ ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ეს იყო უკრაინის დასახლებული პუნქტი, მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; იქ აუცილებლად იქნებოდა სასუქები და ის პრეპარატები, რომლებიც სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის, ან მრეწველობისთვის გამოიყენება და არის რეალური მოცემულობა იმისა, რომ ეს სახიფათო ნივთიერებები მოხვდა წყალსა და ნიადაგში, რაც, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანებსა და ცოცხალ ორგანიზმებს.

ზუსტი ეკოლოგიური ცვლილებების შეფასება მაშინ მოხდება, როდესაც წყლის დონე დაიწევს. ამის შემდეგ მოხდება სინჯების აღება და შესაბამისი კვლევის ჩატარება. აქტიური მონიტორინგი იქნება ჩასატარებელი ახლაც, თუმცა, მიმდინარე ომის გამო, ეს ძალიან რთულია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. ეკოლოგიური საფრთხის კვალი, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ნელ-ნელა აისახება. ამ ეტაპზე, რაც ეკოლოგების მხრიდან უნდა განხორციელდეს, ეს არის წყლის ხარისხის მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოხდეს შესაბამისი რეაგირება, – მოსახლეობის გაფრთხილების კუთხით“, – განაცადა მან.

ეკოლოგი საფრთხეს ხედავს შავ ზღვაში თევზჭერის კუთხითაც.

„მოგეხსენებათ, შავ ზღვაში აქტიურად მიმდინარეობს თევზის მოპოვება. თევზი კი, სიბინძურის ერთ-ერთი უმთავრესი გამავრცელებელია. ამ კუთხითაც აუცილებლად უნდა მოხდეს დაკვირვება მოპოვებულ თევზზე და მის ხარისხზე“, – აცხადებს ბახტაძე.

მისივე განმარტებით, საყურადღებოა ზაფხულის სეზონზე, ზღვაზე დამსვენებლების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხიც.

„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების ინფორმირება/გაფრთხილების საკითხზე, აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის ქვეყნებში, კომპეტენტურმა პირებმა არსებული ინფორმაცია გაცვალონ და ერთმანეთს გაუზიარონ. ამ მიმართულებით კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო გარემო და ასეთ გარემოსთან ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კახა ბახტაძემ.

 

/თამუნა დუღაშვილი/