“ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა! “

58
spot_img

დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს არის, თარიღი, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ამ დღესთან დაკავშირებით, ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას, ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა.

„ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა! შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“, – განაცხადა ელჩმა.

ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში ელჩები თავიანთ მშობლიურ ენაზე აღწერენ, თუ რა არის მათთვის ევროპა.

გარდა ამისა, დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება „მშვიდობის ხიდი“ და სატელევიზიო ანძაც, ასევე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 6 მაისს უკვე გამართა. სახალხო დღესასწაულს, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა 10 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, დისკუსიებში მიეღოთ მონაწილეობა და ერთმანეთისთვის ევროპული გამოცდილება და შესაძლებლობები გაეზიარებინათ.