ბოლო 2 თვეა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს,- ასე აფასებს ეპიდვითარებას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ქვეყანაში „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის მიმდინარეობაც მსუბუქია.
„ბოლო 1 თვე, თვენახევრის განმავლობაში, კვირაში რამდენიმე ასეული დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და ერთეული გარდაცვალება. ეს დინამიკა არ გაუარესებულა, პირიქით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება. კვირაში რამდენიმე ათეულიდან ასეულ შემთხვევამდე გვაქვს და ერთეული გარდაცვალება.
ბოლო 2 თვეში არ აღინიშნება ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს. ქვეყანაში „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის შესახებაც ვიცით. მათი მიმდინარეობა მსუბუქია, თუმცა საყურადღებოა იმ ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.
კორონავირუსის ახალი შტამის, XBB.1.16-ის ახალი შემთხვევები საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის. ჩემი აზრით, ის იქნება „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს მსგავსი. ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობა „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია. სხვა შტამებისგან განსხვავებით, ახალ შტამს მეტად აქვს გამოხატული კონიუნქტივიტი“, – აღნიშნა გოგინავამ.